ვრონსკი ევგენი ალექსის ძე (10. I. 1883, სოფ. სოროჩინსკოე, ახლანდ. სამარის ოლქი, – 30. IV. 1942, თბილისი), რუსი მომღერალი (ბარიტონი) და პედაგოგი. აჭარის დამს. არტისტი (1922, ამ საპატიო წოდების პირველი მფლობელი აჭარაში) და საქართვ. სახ. არტისტი (1941). ქართ. ვოკალური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (ო. ბახუტაშვილ-შულგინასთან ერთად). მუს. განათლება თავდაპირველად მიიღო რუსეთში, შემდეგ – იტალიაში. 1909 მღეროდა მოსკ. და ოდესის საოპერო სცენაზე. სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის სახელგანთქმულ თეატრ „ლა სკალაში”. 1912 დაბრუნდა საქართველოში, მოღვაწეობდა თბილ. საოპერო თეატრის სცენაზე (1912–13 და 1915–17). 1917 გადავიდა ბათუმში, სადაც დირიჟორ ვ. კორშინთან ერთად დააარსა ბათუმის ოპერის თეატრი (1921), საოპერო სტუდია (1922) და კონსერვატორია (1922), საფუძველი ჩაუყარა სამუსიკო სასწავლებლის დაარსებას. ბათუმის საოპერო სცენაზე მოამზადა სპექტაკლები: ა. რუბინშტეინის „დემონი”, ჯ. ვერდის „ტრავიატა”, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი”, „პიკის ქალი”, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე”, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე” (ბარიტონის პარტიებს თვითონვე ასრულებდა). 1925 კვლავ თბილისშია, ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1932-იდან – პროფესორი). ჩამოაყალიბა ძლიერი ვოკალური სკოლა. მისი მოსწავლეები იყვნენ: დ. ანდღულაძე, დ. ბადრიძე, დ. გამრეკელი ვ. კანდელაკი, ბ. კრავეიშვილ ი. ხარაძე ნ. ხარაძე და სხვ.
ლიტ.: ჩ ხ ა რ ტ ი შ ვ ი ლ ი ლ., ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია, ბათ., 1998.