ვსეხსვიატსკოე

ვსეხსვიატსკოე (ქართ. წყაროებით – „სვესენწკა”, „სვენწკა”, „სესენცკა”), მოსკოვის ქართველთა ახალშენი, ქართული მწიგნობრობის კერა. XIV ს-ში ვ-ს მიდამოებს აქ არსებული მონასტრის გამო, „ოტცი სვიატიეს” უწოდებდნენ, იგი რუსი დიდებულის, მ. ი. პანკრატიევის მამული იყო. XVII ს. II ნახ-ში ეს ადგილები მამულად მიიღო მეფე ალექსი მიხეილის ძის ცოლის ნათესავმა, ბოიარმა ი. მ. მილოსლავსკიმ. მან აქ კარის სალოცავი – „ვსეხსვიატიხ” – ააშენა. ამიერიდან სოფელსაც ვ. ეწოდა. 1691 მეფე არჩილ II ის შვილებს, ალექსანდრესა და მამუკას, ქალაქში საცხოვრებელ სასახლესთან ერთად უბოძეს აგარაკი ვ. 90-იან წლებში იქ ალექსანდრე ბატონიშვილმა სასახლე გამართა. 1700-იდან იქვე ცხოვრობდა არჩილ II თავის ამალასთან ერთად. ვ-ში მნიშვნელოვან კულტ. საქმიანობას ეწეოდნენ. აქ რუს. და სხვა ენებიდან ითარგმნა მხატვრული, საისტორიო და სხვა ძეგლები: რომანი „ალექსანდრია”, მსოფლიო ისტორია „ქრონოგრაფი”, აქვე გადაიწერა „სახარება”, „სადღესასწაულო” და სხვა სას. შინაარსის წიგნები. „სწავლულ კაცთა” დახმარებით არჩილმა აქ წამოიწყო „დაბადების” ტექსტის დასაბეჭდად მომზადება და სლავურ ბიბლიასთან შედარება. ვ-ში ჩამოყალიბდა არჩილ II-ის ორიგინ. თხზ. კრ-ის „არჩილიანის” რედაქცია (კალიგრაფი და სასახლის მდივანი გ. თუმანიშვილი). მეფე არჩილ II-ის ანდერძით ვ. დაუმტკიცდა მის ასულს – დარეჯან ბატონიშვილს. ქართვ. ბატონიშვილის სასახლეში ხშირად თავს იყრიდნენ რუს. საიმპერატორო სახლის, გენერალიტეტის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები. 1721 შვედებზე გამარჯვების ზეიმი იმპ. პეტრე I-მა საგანგებოდ ვ-დან დაიწყო. 1724 ვ-ში ჩავიდნენ ს.-ს. ორბელიანი, ვახტანგ VI, ბაქარი და სხვ. 1725 წ. 25 იანვარს ვ-ს ძვ. საყდარში დაიკრძალა ს.-ს. ორბელიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა ვ-ს ქართვ. მოღვაწეთა პანთეონს. 1733 დარეჯან ბატონიშვილმა ძვ. საყდრის ადგილზე ააგო ახ. საყდარი ორი ეკვდერით, შეამკო სალოცავი და შესწირა ძვირადღირებული სამღვდელმსახურო ინვენტარი. მისი მოღვაწეობა მოხსენიებულია ტაძარში გაკრულ სააღმ-შენებლო წარწერაში. 1727 დარეჯანის მემკვიდრედ დამტკიცდა ბაქარი, რ-მაც ვ. დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ (1740) მიიღო. ვ-ში მოეწყო ქართ. სტამბა-გამომცემლობა, სადაც 1743 დაიბეჭდა ქართ. ბიბლია. შემდეგში აქვე გამოიცა რამდენიმე ქართ. წიგნი. ვ-ს განაშენიანებაში წვლილი მიუძღვით: გიორგი ბატონიშვილს (ვახტანგ VI-ის ძე), გ. ა. გრუზინსკის. აქვე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი, დიპლომატი, მოგზაური, გ. ავალიშვილი. ვ. დიდხანს იყო მოსკოველ ქართველთა იდეური ცენტრი. XIX ს. ბოლომდე აქ ღვთისმსახურება ქართულად მიმდინარეობდა. შეწყვეტილი ღვთისმსახურება 1945 ისევ აღდგა. ტაძარი დღესაც მოქმედია.

ფ. სიხარულიძე