ზაბოზლაევი სერგეი პეტრეს ძე (1894–1939), კინოოპერატორი. პირველი ქართული ფილმების გადამღები. 1923-იდან მუშაობდა საქართვ. „სახკინმრეწვში” ოპერატორად. გადაიღო ფილმები: „მამის მკვლელი” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), „დაკარგული საუნჯე” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924), „ვინ არის დამნაშავე” (ა. წუწუნავა, 1925), „ნათელა” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926), „ხანუმა” (ა. წუწუნავა, 1926), „ორი მონადირე” (ა. წუწუნავა, 1927), „ამერიკანკა” (ა. გალპერინთან ერთად; ლ. ესაკია, 1930). როგორც ოპერატორი იყო კ. მარჯანიშვილის ყველა ფილმის დადგმის თანამონაწილე – „ქარიშხლის წინ” (1926), „გოგი რატიანი” (ვ. კერესელიძესთან ერთად, 1927), „ამოკი” (1927), „კრაზანა” (1928), „კომუნარის ჩიბუხი” (1929); გადაიღო კინოსიუჟეტები მისი სპექტაკლებისათვის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” და „შუაღამემ გადაიარა” (მ. აფაქიძესთან ერთად). მუშაობდა დოკუმენტურ კინოშიც: „მალარია” (ლ. პუში, 1928), „მუხრუჭის გარღვევა” (ს. ფალავანდიშვილი, 1930), „ბუბა” (ნ. ღოღობერიძე, 1930). 1930-იდან გადავიდა უზბეკეთში, სადაც გადაიღო ფილმები „დროის ბეჭედი” (1932), „ჯიგიტი” (1936) და სხვ.
მ. კერესელიძე