ზაგიუ მიხეილ მიხეილის ძე (1.VIII. 1875, თბილისი, – 7. VI. 1951, მოსკოვი), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1940), სამხ. მეცნ. დოქტორი (1933), გენ. ნ. ზაგიუს ძმა. დედა ქართველი ჰყავდა (ყარანგოზიშვილი). 1892 დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, 1894 – კონსტანტინეს მე-2 სამხ. სასწავლებელი სანქტ-პეტერბურგში. მსახურობდა ყაბარდოს მე-80 ქვეით პოლკში და კავკ. I მსროლელ ბატალიონში. 1917 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1918-იდან მსახურობდა წითელ არმიაში. იყო უმაღლესი სამხ. საბჭოს წევრი, საველე შტაბის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 1921, 1926 ორჯერ იყო დაპატიმრებული. 1932-იდან კითხულობდა ლექციებს სამხ.-ქიმ. აკადემიაში (მოსკოვი). 1936 მიენიჭა ბრიგადის ინტენდანტის სამხ. წოდება. ავტორია წიგნებისა სამხ. სფეროში. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე საბჭ. ორდენებითა და მედლებით.
ლიტ.: Волков С., Генералитет Российской Империи от Петра I до Николая II, т. I , М., 2009; Гогитидзе М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე