ზაგიუ ნიკოლოზ მიხეილის ძე (24. XI. 1866, თბილისი, – გ. წ. უცნობია), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917). გენ. მ. ზაგიუს უფროსი ძმა. დედა ქართველი ჰყავდა (ყარანგოზიშვილი). დაამთავრა თბილ. სამხ. გიმნაზია, 1884 – კონსტანტინეს მე-2 სამხ. სასწავლებელი და 1892 – გენშტაბის ნიკოლოზის აკადემია სანქტ-პეტერბურგში (I თანრიგით). ჯარში მსახურობდა 1882-იდან კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა რუს. არმიის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1902–05 – კავკ. გრენადერთა დივიზიის შტაბის უფროსი, 1905–17 – თბილ. სამხ. სასწავლებლის უფროსი. 1910 მიენიჭა გენ.-მ. წოდება. 1917–22 სამხრ. რუსეთში იყო თეთრი მოძრაობის მონაწილე. დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის, ასევე სპარსეთის „ლომისა და მზის” ორდენებით.
ლიტ.: Волков С., Генералитет Российской Империи от Петра I до Николая II, т. 1, М., 2009; Гогитидзе М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე