ზადენი, ნასოფლარი ისტორიულ სამცხეში (ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს მდ. ოცხის (ოძრხის) მარცხ. ნაპირზე, სოფ. ბენარის ჩრდ-ით, მაღალ გორაზე. ზადენი ძვ. ქართ. წარმართული ღვთაებაა, რ-საც არმაზთან ერთად მცირეაზიურ სამყაროდან შემოსულ ღვთაებად მიიჩნევენ. ამ მხრივ საინტერესოა სამცხის ზ-ში აღმოჩენილი საკულტო დანიშნულების ბრინჯაოს ნიღბიანი ხარის პატარა ქანდაკება, რ-საც სარიტუალო ცერემონიის მონაწილედ თვლიან. ლეონტი მროველის ტექსტში ჩანართის სახით შეტანილი ცნობით, ანდრია მოციქულმა „...შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს”. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 გორა და ზ. ცალკეული სოფლებია, რ-ებიც ირიცხებიან ახალციხის ლივაში, ოძრხის ნაჰიეში. ზ-ში მაშინ 20 ქართ. კომლი ცხოვრობდა: ბასილა ანდრიას ძე, ანანია ძმა მისი, სიმონ ბასილას ძე, იოსებ დავითის ძე, გოგინა ძმა მისი, გრიგოლ მარუშას ძე, ენუქა ძე მისი, ელიაზარის შვილიშვილი, გრიგოლ იოსების ძე, მანველ ძმა მისი და სხვ. მათ მოსავალს შეადგენდა ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ბოსტნეული. ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი და ყველაფერ ამისთვის სოფელი წლიურად იხდიდა 7000 ახჩას. “ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში” სოფ. ზ. არ გვხვდება, უნდა ვიფიქროთ, რომ 1694–1732 ის უკვე გაუკაცრიელებული იყო. 1932–33 ზ-ის ნასოფლარზე კარგად ჩანდა ერთმანეთის მახლობლად მდებარე ორი უზარმაზარი ქვა, იქვე იყო ოთხ-ოთხი ქვისაგან შედგენილი აკლდამები, ნასახლარები, დიდი ლოდებით დახურული დერეფნები.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.
ლიტ.: ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
დ. ბერძენიშვილი