ზადენგორა

ზადენგორა, ნასოფლარი და მრავალფენიანი ძეგლი სამცხეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდ. ოცხის (ოძრხის) მარცხ. ნაპირზე, სოფ. ბენარის მახლობლად. ტოპონიმი დაკავშირებულია ღვთაება ზადენთან. ზ-ში ქრისტ. საკულტო ცენტრის არსებობაზე მიუთითებს ლეონტი მროველი (XI ს.). სამხრ. საქართველოში, კერძოდ, ზ-ზე მისულმა ანდრია პირველწოდებულმა: „...იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცნა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს”. მემატიანის ცნობა დასტურდება არქეოლ. ძეგლებით. აღმოჩენილია: ბრინჯაოს ნიღბიანი ხარის ქანდაკება; კარგად გათლილ-დამუშავებული ქვის კვარცხლბეკი, რ-ზეც, სავარაუდოდ ღვთაება ზადენის ქანდაკება იდგა; რიყისა და კლდის ნაფლეთი ქვებით თიხახსნარზე ნაგები დიდი შენობისა და ქვის კიბის ნაშთები, რ-ებიც ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურებულა; ქვაყრილით დაფარული წმინდა ცეცხლის ორმო, რ-იც ნაცრითა და ნახშირით იყო სავსე. თიხით შელესილი ორმოს კედლები შემკული იყო გარკვეული ინტერვალით დაშორებული ვერტ. ღარებით. მომდევნო, ქრისტ. ეპოქაში ზ-მ ფუნქცია დაკარგა, თანდათან დაკნინდა და XIX ს. მიწურულამდე არსებობდა როგორც პატარა სოფელი.

წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება, ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

ლიტ.: Бибилури Т. И., Бенашвили О. А. и др., Работы Заденгорского отряда Месхет-джавахетской экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1984–85 годах, Тб., 1987.

თ. ბიბილური