ზაგემის ზარაფხანა

ზაგემის ზარაფხანა, მოქმედებდა ისტორიულ ქალაქ ზაგემში XVI ს. მეორე ნახევრიდან. პირველად საქართველოში უშვებდა ფულს სეფიანთა დინასტიის ფულადი სისტემით. ზარაფხანა მუშაობდა XVII ს. 30-იან წლებამდე. ცნობილია ირანის სეფიანი შაჰების სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტის 80-მდე სხვადასხვა ნომინალი: თამაზ I-ის (1524–76) ბისთი და ნახევარი; შაჰები, რ-იც გამოშვებულია ჰიჯრის 963 (1555/6), 975 (1567/8) და 977 (1569/70) წლებში; აბას I-ის (1587–1629) სახელით ჰიჯრის 1012 (1603/4) წელს და 1614–16 წლებამდე მოჭრილი მაჰმუდები და აბაზები; სეფი I-ის (1629–42) აბაზები, მოჭრილი 1039 (1629/30) და 1041 (1631/2) წლებში. ზ. ზ-ში მოჭრილი ფული გვხვდება სამონეტო განძებში, რ-ებიც საქართველოს (ამბროლაური, ბირკიანი, რაჭა, ჭიკაანი), აზერბაიჯანისა (შაჰბუზი) და სომხეთის (აშტარაკი) ტერიტორიებზე აღმოჩნდა. მონეტები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის, აზერბ. და სომხ. ისტ. მუზეუმების, სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. ერმიტაჟისა და მოსკ. ისტ. მუზეუმის ფონდებში.

თ. ქუთელია