ზაბოლოცკი ნიკოლოზ ალექსის ძე [24. IV (7. V). 1903, ყაზანი, – 14. X. 1958, მოსკოვი], რუსი პოეტი, მთარგმნელი, მხატვრული თარგმანის თეორეტიკოსი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ). 1925 დაამთავრა ლენინგრადის პედ. ინ-ტი. პირველი ნაწარმოები 1928 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული – 1929. ავტორია საბავშვო მოთხრობებისა. ზ-ს დიდი წვლილი მიუძღვის რუს.-ქართ. ლიტ. ურთიერთობათა სფეროში. იგი ორგანულად დაუკავშირდა საქართველოს, შეისისხლხორცა მისი კულტურა; განსაკუთრებით დაუახლოვდა ს. ჩიქოვანს, გ. ლეონიძეს, პ. ინგოროყვას, ი. აბაშიძეს. ზ-მ რუს. ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, დ. გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, გ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის ნაწარმოებები, აგრეთვე პოეტების: ა. აბაშელის, გ. აბაშიძის, ტ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. ნონეშვილისა და სხვათა ლექსები.
თხზ. და თარგმ.: Избранное, М., 1960; Грузинская классическая поэзия в переводах Н. Заболоцкого, т. 1–2, Тб., 1958.
ლიტ.: მარგველაშვილი გ., ნიკოლოზ ზაბოლოცკი და ქართული პოეზია, ჟურნ. მნათობი, 1959, №5; Македонов А., Николай Заболоцкий. Жизнь. Творчество. Метаморфозы, [ Л., 1968].
ნ. ცხოვრებოვი