ზაალიშვილი მალხაზ მიხეილის ძე (დ. 27. IX. 1920, მცხეთა), ბიოფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. 1979). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1975). თეორ. და გამოყენებითი ბიოფიზ. განათლების საერთაშ. ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი. 1941 დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი ფიზიკური ქიმ. სპეციალობით. 1941–44 იყო საქართვ. ჰიგიენის ინ-ტის ქიმიკოს-ანალიტიკოსი. 1947–86 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლ. ინ-ტში, სადაც 1962 შექმნა ბიოფიზ. ლაბორატორია (შემდეგ – ბიოფიზ. სექტორი). მისი ინიციატივით საქართვ. მეცნ. აკად. ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინ-ტის ბიოფიზ. სექტორის ბაზაზე დაარსდა საქართვ. მეცნ. აკად. მოლეკულური ბიოლ. და ბიოფიზ. ინ-ტი. 1986–2000 იყო აღნიშნული ინ-ტის დირექტორი, 2000–06 – საქართვ. მეცნ. აკად. მოლეკულური ბიოლ. და ბიოფიზ. ინ-ტის ზემოლეკულური სისტემებისა და უჯრედის ბიოფიზ. ლაბორ. გამგე, 2006-იდან – ამავე ინ-ტის ბიოლ. ძვრადობის განყ-ბის გამგე, 1989–2002 – საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი და ბიოლ. განყ-ბის აკად. მდივანი, 2004-იდან – საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. პრეზიდიუმის მრჩეველი, 2001–06 – საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრალური სამეცნ. ბიბლიოთეკის დირექტორი. 1956–2005 თსუ-ის ბიოლ. და ფიზ. ფაკ-ტებზე ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას. ზ., როგორც ფიზ. ფაკ-ტის პროფ., კითხულობდა ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: ზოგადი და უჯრედის ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია, რადიობიოლოგია. ზ-მა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ბიოფიზ. და მოლეკულური ბიოლ. რიგი მიმართულებების განვითარებას. მისი კვლევის თემაა მეორეული ფილამენტების მაკრომოლეკულების როლი კუნთის უჯრედის მოქმედებაში; კუნთის გიგანტური ცილების მინორულ ცილებთან ურთიერთქმედება და მათი როლი კუნთის შეკუმშვის პროცესში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ.შ. ერთი მონოგრაფია („კუნთის მოქმედების ფიზიკო-ქიმ. საფუძვლები”; თბ., 1971). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).