ზაზალო

ზაზალო, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მდ. ქვაბლიანის ხეობაში. ზ. დ. 1480 მ, ადიგენიდან 18 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 63 მცხ. (2002). ზ. მდებარეობს ისტ. სამცხეში. ადრე ეს მნიშვნელოვანი სოფელი ყოფილა, რაზედაც აქაური ნაეკლესიარიც მეტყველებს. იგი მოზრდილი ნაგებობა იყო, რ-იც გამაჰმადიანებულ მესხებს მეჩეთად გადაუკეთებიათ. აქვე ყრია ძვ. ეკლესიიდან დარჩენილი ქვები: ქვაჯვარის ბაზისი, მრგვალი სვეტი, მისივე ოთხმხრივ დამუშავებული კაპიტელი ასომთავრული წარწერის ნაშთით: „წმიდაო ეკლესიაო სლმ”... 1932–33 გ. ბოჭორიძეს აქ უნახავს სხვა ქვებიც ასომთავრული წარწერებით: „... განუსვენე სულსა შიში”..., „ქრისტე შეიწყალე ბარბარე”; ეს უკანასკნელი წითლად ყოფილა შეღებილი. სოფლის სამხრ-ით მისთვისვე უჩვენებიათ დიდი, მოწითალო ქვა, რ-ის ერთ-ერთ გვერდზე 15-მდე ჩაჭდეული ჯვარი იყო გამოსახული. ჯვრები იყო გამოსახული ზედა მხარეზეც. იქვე ყოფილა რამდენიმე ფიქლით გადახურული შენობა. მდინარის მარჯვნივ ჩანს გვირაბის შესასვლელი, რ-საც ციხეზე ასასვლელად მიიჩნევენ, თუმცა ამის შემოწმება არ ხერხდება და არც ციხეში ჩანს მისი კვალი. სამცხეში ციხიდან მდინარეზე ჩამავალი გვირაბები სხვაგანაცაა დადასტურებული. სოფლის დას-ით 2 კმ-ზე არის „ზაზალოს ციხე”, რ-იც დამუშავებული ლოდებითა და კირხსნარითაა კლდეზე ნაგები. კლდის თხემი მთლიანად ციხის ნაგებობებს უკავია; აღმ. კოშკის ნაშთი მრგვალია, დასავლეთისა – ოთხკუთხა, გარედან კუთხეებმომრგვალებული. იგი ოთხსართულიანია, შერჩენილია ბუხარი, სალოდე, სამზერები; გარედან დას. კედლის ქვედა წყობაში ერთ ლოდზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. მისადგომი ადგილები კლდეზე კედლებითაა გამაგრებული. კოშკებს შორის სადგომების ნაშთები ჩანს. კოშკის კედლების ქვედა რიგები ჰორიზ. წყობისაა, ზოგან ვერტიკალურად ჩაშენებული ქვებით. ციხე აგებული ჩანს თოფ-ზარბაზნის შემოღებამდე, იგი აქ გამავალ გზებს მოხერხებულად აკონტროლებდა. 1870 ციხის მახლობლად იყო საკორდონო პოსტი, რ-იც ახლაც ასევეა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 ახალციხის ლივაში, უდის ნაჰიეში შემავალ სოფ. ზ-ში 4 კომლი ქართვ. ცხოვრობდა: ტატულა, თავზარი – ძმა მისი, ნიკოლოზის შვილიშვილი, გოგიჩა ძე მისი. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელის თესლი, ბოსტნეული; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი და წლიურად იხდიდნენ 7500 ახჩას. 1944-მდე ზ-ში გამაჰმადიანებული მესხები ცხოვრობდნენ, მათი ქართ. გვარები იყო ამილახვარი და ბოჭორიძე. ისინი შუა აზიაში გადაასახლეს. ახლა სოფელში უდელები ჩასახლდნენ (15 კომლი).

წყარო: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.

ლიტ: ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992.

დ. ბერძენიშვილი