ზაზიაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე

ზაზიაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე (12.XI. 1868, თბილისი, – 25.VI. 1952, იქვე), ფერმწერი. სპეც. განათლება არ მიუღია. მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX ს. დამდეგის რეალისტ მხატვრებთან. ქართ. რეალისტური ფერწერის წამყვანი მოტივები მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. განიცდიდა გ. გაბაშვილის გავლენას. მუშაობდა როგორც პორტრეტის, ისე ჟანრული ფერწერის დარგში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზ-ის მიერ შესრულებული ქართ. კულტ. მოღვაწეთა პორტრეტები (ზაქარია ჭიჭინაძე, 1909; იოსებ იმედაშვილი, 1910 და სხვ.). ჟანრული სურათებიდან საინტერესოა „დევრიში” (1911), „ღვინის გამყიდველი” (1912), „ებრაელი” (1919), „მეწისქვილე” (1915) და სხვ. ზ-ის ყველა ნამუშევარი ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში.

მ. კარბელაშვილი