ზაიბტი ვერნერ

ზაიბტი (Seibt) ვერნერ (დ. 6. VII. 1942, ზენფტენბერგი, კრემს- ლანდის ოლქი, ქვემო ავსტრია), ავსტრიელი მეცნიერი, ბიზანტიის ისტორიის, სფრაგისტიკისა და მცირე ხელოვნებათა მკვლევარი. იკვლევს აგრეთვე ბიზანტ. და საქართვ., ბიზანტ. და სომხ. ისტ. და კულტ. ურთიერთობათა საკითხებს. ფილოს. დოქტორი, ვენის უნ-ტის პროფესორი. მისი კვლევის საგანია ბიზანტინისტიკა, საქართვ. და სომხ. შუა საუკუნეების ისტორია. ავტორია წიგნებისა და სამეცნ. პერიოდიკასა და ენციკლოპედიებში გამოქვეყნებული მრავალი წერილისა, რეცენზიისა, კატალოგების ტექსტებისა. არის ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმების მონაწილე. VI სიმპოზიუმზე (1989) წაიკითხა მოხსენება „ქართველ ისტორიულ პირთა ბიზანტიური საბეჭდავები”. 1981, როდესაც ვენაში მოეწყო ქართ. მცირე ხელოვნებათა (ოქრომქანდაკებლობის, მინანქრების, ნაქარგობის, ფერწერული ხატების) დიდი გამოფენა, მისი რედაქციით გამოვიდა კატალოგი შესავალი წერილებით (თ. სანიკიძის თანაავტორობით). ზ-ს ეკუთვნის წერილი „საქართველო. ისტორია და კულტურა”.

თხზ.: Schatzkammer Georgiens. Mittelalterliche Kunst aus dem Staatlichen Kunstmuseum Tbilisi, წგ.: Georgien. Geschichte und Kultur, W., 1981; Les sceaux byzantines de la collection Henri Seyrig. Catalogue raisonné, P., 1991 (თანაავტ.); Westgeorgien (Egrisi, Lazica) in frühchristlicher Zeit, კრ.: Die Schwarzmeerküste in der Spätantike und im frühen Mittelalter, W., 1992 თანაავტ.); Wo, wann und zu welchem Zweck wurde das georgische Alphabet geschaffen? წგ.: Die Entstehung der kaukasischen Alphabete als Kulturhistorisches Phaenomen, hrsg. von W. Seibt, 2011; მისივე, Byzantine Imperialism against Georgia in the later 10th and 11th centuries,კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, 16. მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2013.

ვ. ბერიძე