ზაიონჩკოვსკი ანანიაშ

ზაიონჩკოვსკი (Zajączkowski) ანანიაშ (12.XI. 1903, ვილნიუსი, – 6. IV. 1970, რომი), პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. პოლონეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1952), პოლონეთის მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის დირექტორი (1953–68), პოლონეთის სახელმწ. პრემიის ლაურეატი, თურქ. ლინგვ. საზ-ბის საპატიო წევრი. მუშაობდა ორიენტალისტიკის მრავალ დარგში – თურქოლოგია, ირანისტიკა, არაბისტიკა. გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური ნაშრომები შავიზღვისპირეთის და კასპიისპირეთის თურქულენოვანი ხალხების, კერძოდ, თურქ., ყივჩაყური და ხაზარული ენების შესახებ. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნიზამის პოემის “ხოსროვ და შირინის” გამოკვლევამ. დიდი ღვაწლი მიუძღვის მამლუქურ-ყივჩაყური ძეგლების შესწავლა-გამოცემის საქმეში. ზ-ს მჭიდრო სამეცნ. ურთიერთობა ჰქონდა ქართვ. აღმოსავლეთმცოდნეებთან: გ. წერეთელთან, ს. ჯიქიასთან. რამდენჯერმე იყო საქართველოში და ინტერესით სწავლობდა ქართვ. ხალხის წარსულს, მის კულტ. მემკვიდრეობას. მისი ხელშეწყობით ქართვ. მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი დაამყარეს პოლონელ მეცნიერებთან. ზ. 1966 აირჩიეს თსუ-ის საპატიო დოქტორად.

ლიტ.: ჯიქია ს., აკადემიკოსი ანანიაშ ზაიონჩკოვსკი (1903–70). გახსენება, {თსუ შრომები}, 1976, ტ. 180 (აღმოსავლეთმცოდნეობის სერია); Джикия С. С., Церетели Г. В., Из истории польского востоковедения, {მაცნე}, 1964, №6.

მ. სვანიძე