„ზაკავკაზსკაია რეჩ”, რუსულენოვანი ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი. გამოდიოდა 1910–16 თბილისში. რედაქტორები: გ. ფალავანდოვი (1910–12), დ. დუმბაძე, კ. თუმანოვი (1912–16); გამომცემელი – ე. გორდელაძე. დაარსდა ორი რედაქციის: „ნოვაია რეჩის” და „ზაკავკაზსკოე ობოზრენიეს” გაერთიანების შედეგად. 1914 კავკასიაში გამომავალი რუსულენოვანი პერიოდული ორგანოების სიაში, რ-იც თბილ. ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტმა შეადგინა, „ზ. რ.” ცენზურის თვალსაზრისით მიჩნეული იყო არასაიმედო გამოცემად; 1916 წ. 23 იანვრის ნომერი (№18) დააპატიმრეს, ამავე წელს შეწყდა კიდეც მისი გამოცემა, რაც დაკავშირებული იყო საცენზურო კომიტეტის რეორგანიზაციასა და თბილისში პერიოდულ გამოცემათა ერთი ჯგუფის გაუქმებასთან.
ლიტ.: ანანიაშვილი ნ., გაზეთი „ზაკავკაზსკაია რეჩ” (1910–16 წწ.), «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1992, №1.
ნ. ანანიაშვილი