გრიგოლისძე ასათ (ასამ)

გრიგოლისძე ასათ (ასამ), (XII ს. დასაწყისი), დიდგვაროვანი ფეოდალი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელი, დავით აღმაშენებლის მეფობის დროინდელი მოღვაწე.

XII ს. დასაწყისში ფლობდა ციხე გიშს. 1117-იდან, დავით აღმაშენებლის მიერ გიშის აღების შემდეგ, მეფის ვასალი გახდა და, როგორც ჩანს, მისგან ჰერეთის ერისთავობა მიიღო. XII–XIII სს. ჰერეთის ცნობილი ერისთავები – გრიგოლისძენი – ასათის შთამომავლები იყვნენ.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

დ. მუსხელიშვილი