ზანდუკელი მიხეილ ოთარის ძე

ზანდუკელი მიხეილ ოთარის ძე (1. V. 1881, სოფ. არანისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 22. XI. 1950, თბილისი), ფიზიოთერაპევტი და კურორტოლოგი. 1909 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. ზ. საკურორტო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილ. ბალნეოლ. კურორტი (1937, იყო მისი პირველი დირექტორი); ზ-მა დააარსა და ხელმძღვანელობდა თბილ. ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ინ-ტს (1926–41), II მსოფლიო ომის დროს განაგებდა ამ ინ-ტის ბაზაზე გახსნილ ევაკოჰოსპიტალს, 1946–50 კი – თბილ. ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოს. ზ. საქართვ. ფიზიოთერაპევტთა საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავ-რე იყო (1938–50). მისი სამეცნ. შრომები ეხება ძირითადად ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1907 დაარსდა „მოსკოვის ქართველთა საზოგადოება”, რ-ის თავმჯდომარე იყო ა. სუმბათაშვილი, მოადგილე – მ. ზანდუკელი. საზ-ბამ მოაწყო ლაზარეთი დაჭრილ ქართვ. მეომართათვის (გამგე – მ. ზანდუკელი). 1912 მისი ინიციატივით მოსკოვში დაარსდა საექიმო შრომის სამედ. ბიურო, რ-ის თავ-რე თვითონ იყო.

ლიტ.: ტატიშვილი ირ., დეკანოსიძე თ., მოსკოვის უნივერსიტეტი და ქართული ახალგაზრდობა, თბ., 1960.