ზანდუკელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1887, დუშეთი, – 20. V. 1923, თბილისი), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. 1918–21 იყო საქართველოს დემოკრ. რესპ. ეროვნ. არმიის ოფიცერი, 1915-იდან – საქართვ. ს. დ. (მენშევიკური) პარტიის წევრი, 1922–23 – საქართვ. ანტისაბჭ. ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე – დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხ. ცენტრის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აქტ. მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო შეიარაღებული რაზმების შექმნაში. დუშეთის მაზრაში ზ-ის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ორი ასეთი რაზმი, რ-ებიც დაექვემდებარა დამოუკიდებელი კომიტეტის სამხ. ცენტრს. 1922 აქტ. მონაწილეობდა ხევსურეთის ამბოხებაში, რ-საც სათავეში ედგა ქ. ჩოლოყაშვილი. გამცემლობის შედეგად სამხ. ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად ზ. დააპატიმრა საქართვ. სსრ ე. წ. საგანგებო კომისიამ, რ-ის დადგენილებით ისინი დახვრიტეს თბილისში, ახლანდ. ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
ლიტ.: აჯანყება – 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო საქმე), თბ., 1994 (პირველად გამოიცა 1925 წ.); ჟურნ. «სამშობლო», პარიზი, 1937, № 21–22.
ლ. ურუშაძე