ზანდუკის ხევი, მდებარეობს გუდამაყრის ხეობაში სოფ. ზანდუკის გასწვრივ. ხევში მომდინარე წყალი სათავეს იღებს შირიმის მთისა და ქვენამთის ჭიუხებთან. მას სოფ. ბოსლის სახელწოდების მიხედვით ბოსლისწყალს ეძახიან. მდინარე სოფ. კიტოხთან თორელაანთწყალს უერთდება, რის შემდეგაც იწოდება შავ, ანუ გუდამაყრის არაგვად. მანძილს, რ-იც ხევს უკავია სოფ. ბოსლიდან ვიდრე თორელაანთ ადგილამდე, ეწოდება ზ. ხ. იგი იხსენიება გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდებაში” (XIV ს.), როგორც სამართლის წიგნის მოქმედების აღმ. საზღვარი.
ლიტ.: დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957.
ჯ. გვასალია