ზანური ენა, კოლხური ენა, ერთ-ერთი ქართველური ენა. ერთიან ზ. ე-ზე დღეს არავინ მეტყველებს; ცნება „ზანური”, ანუ „კოლხური” ისტ. შინაარსისაა. ამჟამად ზ. ე-ს აქვს ორი დიალექტი – მეგრული და ლაზური (ჭანური), რ-ებიც რეალურად ფუნქციონირებენ. მეგრულ-ლაზურის ერთიანობის აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი გვხვდება. ნ. მარს ადრე გამოყენებული ჰქონდა ტერმ. „თუბალ-კაენური” (თუბალურში მეგრული იგულისხმებოდა, კაენურში – ლაზური). შემდეგ მეგრულისათვის ნ. მარმა „ივერიულიც” გამოიყენა. მეგრულ-ლაზურის მნიშვნელობით ტერმ. „ზ. ე.” დაამკვიდრა არნ. ჩიქობავამ. ავტორი ემყარებოდა როგორც ისტ. წყაროებს, ისე თანამედროვე ენობრივ მონაცემებს. კერძოდ, ბერძნ. წყაროებში შავიზღვისპირა ზოლის ქართველური მოსახლეობა იხსენიება როგორც „სანები” („ზ” ფონემა ბერძნულს არა აქვს, საფიქრებელია, რომ „ს” ასო ზ-ს გადმოსაცემად იყო გამოყენებული). ტერმ. „ზანი” დღესაც არ არის დავიწყებული ქართველურ ენათა წრეში. იგი შემორჩენილია ტოპონიმებში ზანა, საზანო, ზანათი; ზან-ძირი დაცულია სვანურშიც და მეგრელების აღსანიშნავად გამოიყენება – მგზან – „მეგრელი”. ტერმ. კოლხური პირველად გამოიყენა გერმ. მეცნიერმა გ. როზენმა, მაგრამ იგი ქართველოლოგიაში არ დამკვიდრებულა. XX ს. 60-იან წლებში ტერმ. „კოლხური” მეგრულ-ჭანურის მნიშვნელობით გამოიყენა ა. შანიძემ და ამის შემდეგ იგი „ზანურის” პარალელურად შემოვიდა სამეცნ. ლიტ-რაში. ზანურს, სვანურთან შედარებით, უფრო გვიან უნდა მიეღო დამოუკიდებელი სახე. წინარე ქართველური ენიდან სვანური ადრე ჩანს გამოყოფილი, გლოტოქრონოლოგიური მეთოდის მიხედვით, სავარაუდოდ, ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისისათვის (გ. კლიმოვი) ან ძვ. წ. X ს-თვის (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). სვანურის გამოყოფის შემდეგ ქართ. და ზანური გაუთიშავი ორი ფენა იყო კიდევ ათი საუკუნე მაინც. ამ ხანას უწოდებენ ზანურ-ქართული ერთიანობის ხანას. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა, სავარაუდოდ, უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X–VIII სს-ში (გ. კლიმოვი) ან ახ. წ-ის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ (მეგრული და ლაზური) უნდა დაწყებულიყო ახ. წ. პირველი საუკუნეების აქეთ. დაახლ. VII ს-თვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. ზანურის (კოლხურის) გავრცელების არეალი ისტორიულად უფრო დიდი იყო, ვიდრე დღესაა. მეგრული და ლაზური მეტყველების რეგიონები ამჟამად გათიშულია გურია-აჭარის ტერიტორიით, რაც ამ ტერიტორიაზე ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციით აიხსნება (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, არნ. ჩიქობავა...). ამას ადასტურებს გურია-აჭარის ტერიტორიაზე ზანური ტოპონიმების არსებობაც. მეგრულ-ლაზურის თავდაპირველი დიფერენციაცია კილოებად შემდეგ პერიოდებში უფრო გაღრმავდა, რასაც ხელს უწყობდა განსხვავებული ენობრივი გარემოც, რ-შიც მათ უხდებოდათ და უხდებათ ფუნქციონირება. თუმცა სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ისინი დამოუკიდებელ ენებად ჩაითვალოს: მათი ფუნქციური და გრამატ. სტრუქტურები ახლოსაა ერთმანეთთან. ამასთანავე, ლაზებსა და მეგრელებს მეტ-ნაკლებად ესმით ერთმანეთისა. საერთო ნიშნების მიუხედავად, განსხვავება ლაზურსა და მეგრულს შორის მაინც საგრძნობია. ამას თავის დროზე ყურადღება მიაქცია ნ. მარმა, რ-მაც ეს განსხვავება საკმაო საფუძვლად მიიჩნია ლაზურისა და მეგრულის სხვადასხვა ენებად გამოსაცხადებლად. განსხვავება ვლინდება როგორც ფონეტიკაში (ბგერით სისტემებში, ფონეტ. პროცესებში), ისე გრამატიკაში: დიდი სხვაობაა უღვლილების სისტემაში (აწმყოს, მყოფადისა და აორისტის წარმოება, მასდარის წარმოება და სხვ.), არსებით და ზედსართავ სახელებში, ნაცვალსახელებში (განსაკუთრებით – ჩვენებით ნაცვალსახელებში); სინტაქსურ კონსტრუქციებში და ა. შ. მეგრულისა და ლაზურის (ჭანურის) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობის სასარგებლოდ, ნ. მარის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ (ამ კერძო შემთხვევაში ნ. მარი მხოლოდ ჭანურზე მსჯელობს) საკუთარი კილოები და თქმები აქვთ, რ-ებიც, მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთიანდებიან საერთო ლინგვ. ნორმით. განხილულ თვალსაზრისს არაერთი მკვლევარი იზიარებს როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში.
კ. დანელია