ზარათი

ზარათი, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რიონის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში, მდ. რიონის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 360 მ, წყალტუბოდან 30 კმ, ქუთაისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 547 მცხ. (2002). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII ს-ში. სოფლის სასაფლაოზე დგას XIII ს. წმ. კვირიკეს მცირე ზომის ეკლესია. აღმ-ით აქვს აფსიდი. შესასვლელი ორია – დას. და სამხრ-იდან. შიგნით გრძივი ჩრდ. და სამხრ. კედლები დაყოფილია სამ ნაწილად ყრუ დეკორ. თაღებით. კედლები მთლიანად დაფარულია XVIII ს. ტრად. რელიგ. მოხატულობით. სამხრ. კედლის აღმ. მონაკვეთში მოთავსებულია ღვთისმშობლისკენ ვედრებით მიმართული მხატვრის გამოსახულება. მსგავსი კომპოზიცია იშვიათია ქართ. კედლის მხატვრობაში. ზ-ის მოხატულობა გვიანდ. ფეოდ. ხანის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.

ი. მამაიაშვილი