ზარაფხანა, მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დასამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რ-იც ფართოდ იყენებს მოოქროების, მოვერცხლვისა და საიუველირო მინანქრით ლითონის ნაკეთობათა დაფარვის ხერხებს. ზ. შეიქმნა ეროვნ. სახელმწ. წარმოშობასთან ერთად, როდესაც მონეტების მოჭრა სახელმწ. მონოპოლიად იქცა. საქართვ. ტერიტორიაზე ზ-ში მონეტას ჭრიდნენ ძვ. წ. VI ს-იდან. კოლხური თეთრი მოჭრილია საქართველოში, მაგრამ ზ-ის ადგილმდებარეობა უცნობია. ქართლშია მოჭრილი ე. წ. ქართ.-სასანური დრამები (VI–VIII სს.), თუმცა მათზე ზ-ის სახელწოდება აღნიშნული არ არის. 704 არაბულ დრამაზე თბილისის ზარაფხანა პირველად აღინიშნა. IX ს-იდან თბილისში დროგამოშვებით იჭრებოდა ფული არაბი ხალიფას, ხოლო X ს. II ნახ-იდან – თბილ. ამირას სახელით. XIII ს. 40-იანი წლებიდან XV ს. დასაწყისამდე მონეტებზე კვლავ გვხვდება თბილ. ზ-ის აღნიშვნა. 1603-იდან XVIII ს. დასასრულამდე თბილ. ზ. სისტემატურად უშვებდა ვერცხლისა და სპილენძის ფულს. XVII ს. ზ. მდებარეობდა კალაში, სიონის მახლობლად. დასტურლამალში შემონახულია ზ-ის წესდება. 1803–33 თბილისში იჭრებოდა ე. წ. რუს.-ქართ. ფული. ზ. მდებარეობდა როსტომ მეფის სასახლის ტერიტორიაზე. თბილ. გარდა დროგამოშვებით ფული იჭრებოდა აგრეთვე დმანისში (XIII ს.), ახალციხეში (XIV ს. დასაწყ.), ანისში (XIV ს.), არტანუჯში (1520), ზაგემში (XVI–XVII სს.). სხვადასხვა დროს ზ-ები მოქმედებდა უფლისციხეში, ქუთაისში, ცხუმში, ზუგდიდში და სხვ.
ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970.
თ. ქუთელია
ც. ღვაბერიძე