ზარდალიშვილი იუზა ფრანცის ძე

ი. ზარდალიშვილი

ზარდალიშვილი იუზა ფრანცის ძე (20. XI. 1883, ქუთაისი, – 13. V. 1943, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1940). ვ. გუნიას მიწვევით ქუთაისის დრამ. თეატრის სცენაზე 1899–1900 სეზონში პირველად ითამაშა გაიოზ ფაღავას როლი ვ. გუნიას პიესაში „და-ძმა”. 1904–07 იყო მეზღვაური. 1907 ჩაირიცხა ქუთაისის ლ. მესხიშვილის დრამ. დასში. 1910-იდან გამოდიოდა თბილ. თეატრებში. 1909-იდან მიიწვიეს თბილ. ქართ. დრამ. თეატრში. 1912 ქართ. დრამ. საზ-ბამ ზ. მიავლინა მოსკ. სამხატვრო თეატრში გამოცდილების მისაღებად და რუს. თეატრ. ცხოვრების გასაცნობად. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ბაქოს (1915), ქუთაისისა (1923–26) და ფოთის (1926–28) თეატრების ხელმძღვანელად. 1921 წ. 26 თებერვალს ზ. დაინიშნა თბილ. ოპერისა და დრამ. თეატრების კომისრად. 1928 იგი თავის თეატრში მიიწვია კ. მარჯანიშვილმა. 1927 მისი თაოსნობით ქუთაისის კულტურის სახლთან დაარსდა მოძრავი თეატრი. ზ-ის ამპლუა იყო ტრაგიკული და დრამ. ხასიათის როლები, 1938–43 ზ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები”), კრეჩინსკი (ა. სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება”), მუროვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი”), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო”), ერეკლე და სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი”), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან”), ჰამლეტი, ედგარი და იაგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი”, „მეფე ლირი” და „ოტელო”), ურიელი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა”), არმანი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე”), რასკოლნიკოვი (თ. დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი”), საბა (ნ. შიუკაშვილის „სიმახინჯე”), შაჰ-აბაზი (ს. შანშიაშვილის „დიდი მოურავი”) და სხვ.

ლიტ.: ჩხეიძე დ., იუზა ზარდალიშვილი, თბ., 1960.