ზარეცკი იური ალექსანდრეს ძე (22. XII. 1928, ზაპოროჟიე, – 8. V. 1985, თბილისი), მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, საქართვ. სახ. არტისტი (1964). 1951 დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი. 1948–55 ამიერკავკასიის სამხ. ოლქის ანსამბლის ბალეტმაისტერი იყო, 1955–67 – თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწ. ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ბაქოს მ. ფ. ახუნდოვის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ცეკვებს დგამდა თბილ. ოპერისა და ბალეტის, ვ. აბაშიძის სახ. სახელმწ. მუს. კომედიისა და დრამის, აგრეთვე საქართვ. სხვადასხვა დრამ. თეატრში, ასევე ლენინგრადის, კიევის, კიშინიოვის, ეკატერინბურგის, ოდესის, ბაქოს თეატრებში. რუსთაველის თეატრში ქორეოგრაფიულად გააფორმა მრავალი სპექტაკლი, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი” (1964), „მეფე ლირი” (1966) და „იულიუს კეისარი” (1973, სამივეს რეჟისორი მ. თუმანიშვილი); ა. ცაგარლის „ხანუმა” (1968), ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” (1977, ორივეს დამდგმელი რეჟისორი რ. სტურუა) და სხვ. 1972-იდან თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მთ. ბალეტმაისტერი იყო. ზ. მოღვაწეობდა კინოშიც. დადგა ცეკვები კინოფილმებში – „ვერისუბნის მელოდიები” (1973, რეჟ. გ. შენგელაია) და „აურზაური სალხინეთში” (1975, რეჟ. ლ. ღოღობერიძე). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელსა და საქართვ. თეატრისა და კინოს ინ-ტში (სცენური მოძრაობის კათედრის გამგე 1964–73). ზ. კოლექციონერი იყო. მისი მდიდარი კოლექცია (ვერცხლისა და თითბრის ანტიკვარული ნივთები, უნიკალური საოჯახო ავეჯი და სხვ.) მისივე ანდერძით გადაეცა თბილ. ი. გრიშაშვილის სახ. ეთნოგრ. მუზეუმ „ქარვასლას”.
ე. გუგუშვილი
ა. ჩხეიძე