ზარნიში

ზარნიში, ლითონის ნივთებზე ამოჭრილი, ოქროთი ან ვერცხლით ამოვსებული სხვადასხვა სახის ორნამენტული გამოსახულება; მხატვრული დამუშავების ერთ-ერთი უძველესი სახეობა. იყენებდნენ ეგვიპტელები და ბერძნები. ფართოდ იყო გავრცელებული აღმ. ქვეყნებში, განსაკუთრებით ირანში, საიდანაც ეს სახეობა შემოვიდა საქართველოში. ჩვენში ზ-ს უმთავრესად საბრძოლო იარაღის შესამკობად ხმარობდნენ. ზ-ით ამკობდნენ ბრინჯაოს, რკინისა (IX–X ს-იდან) და ფოლადისგან დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საბრძოლო იარაღებს. ზ. განსაკუთრებულ განვითარებას აღწევს XII ს. ბიზანტიაში, სირიაში, ირანში, ჩინეთში, იაპონიასა და ამიერკავკასიაში. ლითონის ზედაპირზე საჭრისების საშუალებით იჭრება ღარები, რ-ებიც ივსება ძვირფასი ლითონებით (ოქრო, ვერცხლი). ზ-ით შესაძლებელია უწვრილესი, ნატიფი ორნამენტის, ცხოველების, ფრინველებისა და ადამიანთა გამოსახულებების შესრულება. ზოგჯერ ამ ტექ. ხერხით სრულდება სიუჟეტური სცენებიც და ორნამენტულ-დეკორ. ხასიათის წარწერებიც. ოქროს ზ. თავის უმაღლეს განვითარებას აღწევს XVI–XVII სს. (საბრძოლო აღჭურვილობისა და იარაღების უმდიდრესი კოლექცია ინახება მოსკოვში კრემლის საჭურვლის პალატაში). დღეს ოქროს ზ-ს იყენებენ თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების უცხოელი ოსტატები. განსაკუთრებით კუბაჩელი (დაღესტანი) მხატვარ-ხელოსნები და ურალელი ოქრომჭედლები.

რ. ყენია