ზაულისტანი

ზაულისტანი, ზეულისტანი, სოფელი ისტორიულ ზურტაკეთში (ახლანდ. დმანისის მუნიციპალიტეტი). ვახუშტი ბატონიშვილის სოფლების სიისა და რუკის მიხედვით, მდებარეობდა შავი-წყარო-ყარაბულაღის მარცხენა შენაკად საფიქლისხევის მარცხნივ, სოფ. ურცევანსა და თოფრაყალას შორის. XVIII ს. დასაწყისში ეს იყო ნასოფლარი, რ-იც შემდგომ მოშენებულა; 1721 აღწერით, იქ ითვლებოდა ერთი მებატონე – ავთანდილ სუფრაჯი, უყმო აზნაური – ბეჟუაშვილი გიორგი, რვა გამომღები და ორი ბოგანო ყმა; 1723 ვახტანგ VI-ის ბრძანებით „თრიალეთზედ ზეულისტანი ავთანდილ კორკოტის კერძო მამული” უბოძეს ამილღაბარ გოსტაშაბიშვილს. ზეულისტანელთ ევალებოდათ საფერისცვალებო თევზის ჭერა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 1, წგ. 1, ტფ., 1920; ტ. 2, ტფ., 1909; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. I მეოთხედში, ნაწ. 1–2, ტფ., 1935.

დ. ბერძენიშვილი