ამირეჯიბი თენგიზ კონსტანტინეს ძე (დ. 30. IX. 1927, თბილისი, – 9. III. 2013, იქვე), პიანისტი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1982).
1950 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები), 1953 – თბილ. კონსერვ. ასპირანტურა (ხელმძღვ. ა. თულაშვილი), 1952-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1972-იდან – სპეც. ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1977-იდან – პროფესორი).
მისი მოწაფეები არიან საერთაშ. კონკურსების ლაურეატები – მ. დოიჯაშვილი, ე. ბოლქვაძე, ა. კორსანტია. სტუდენტობის წლებიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. ა-ის პიანისტური ხელოვნება გამოირჩევა არტისტიზმით, დახვეწილობით, რომანტ. სულისკვეთებით.
განსაკუთრებით მაღალი ოსტატობით ასრულებს შოპენის ნაწარმოებებს. ეწევა ქართ. მუსიკის პროპაგანდას (ს. ნასიძის I და II საფორტეპიანო კონცერტების პირველი შემსრულებელია). რუსეთის ფირმა „მელოდიამ“ გამოუშვა გრამფირფიტა-გიგანტი ა-ის ჩანაწერებით (ფ. შოპენისა და ს. პროკოფიევის ნაწარმოებები).
მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1992).
გ. ტორაძე