ასურელ მამათა ცხოვრებანი, ძვ. ქართული მწერლობის ძეგლები, ასურელი მამების ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი თხზულებანი. VI ს-ში ასურელ მოღვაწეთა მიერ საქართველოში საფუძველჩაყრილმა სამონასტრო ცხოვრებამ დიდი კვალი დააჩნია ქართვ. ხალხის ისტორიას, ხოლო მათ მიერ გაშენებულმა სავანეებმა (გარეჯა, შიომღვიმე, წილკანი, ნეკრესი, იყალთო, ალავერდი, ზედაზენი...) დიდი როლი შეასრულა ქართ. მწიგნობრობის ისტორიაში. ქართვ. საზოგადოებრიობის ინტერესი ამ მოღვაწეებისადმი ძველთაგანვე დიდი იყო. შეიქმნა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი, რ-ებიც გვაცნობენ ამა თუ იმ მოღვაწის თავგადასავალს. საფიქრებელია, რომ ა. მ. ც. ადრეც აღიწერა, მაგრამ უძველეს ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია. დღეს ცნობილ თხზულებათაგან უადრესი უნდა იყოს „მოქალაქეობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“, რ-იც კათალიკოს არსენ დიდ საფარელს (IX ს.) მიეწერება. X ს-ში კათალიკოს არსენ II-ს დაუწერია „ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაძნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ“ და „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრესი“. იმავე საუკუნეში უცნობ ქართვ. მწერალს შეუთხზავს „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაჲ“. დასახელებულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში აღწერილია ასურელ მოღვაწეთა მოსვლა საქართველოში, სამონასტრო მშენებლობის წამოწყება და საკულტო კერების დაარსება; გვხვდება საყურადღებო ცნობები საქართვ. სახელმწიფოებრივ-პოლიტ., სოც.-ეკონ. და კულტ. ცხოვრების ისტორიიდან.
XI–XII სს-ში ლიტ. გემოვნების ცვლასთან დაკავშირებით დაიწყო ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციების გადამეტაფრასება (იხ. მეტაფრასი). დაიწერა იოანე ზედაზნელის ცხოვრების ორი მეტაფრასული რედაქცია. ერთ-ერთის შექმნის ინიციატორი ზედაზნის წინამძღვარი მიქაელი (XI ს.) იყო; დამუშავდა შიო მღვიმელისა და დავით გარეჯელის ცხოვრებათა მეტაფრასული რედაქციები; ნეკრესის უცნობმა მღვდელმთავარმა (XII ს.) გადაამეტაფრასა აბიბოსის წამების წიგნი.
ინტერესი ასურელ მამათა მიმართ არც შემდგომში შენელებულა. ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილმა (XVII–XVIII სს.) დაწერა „დაძინებაჲ ისე წილკნელ ეპისკოპოსისა“, მარიამ-მაკრინე ბაგრატიონ-ჩოლოყაშვილმა (XVIII ს.) – იოსებ ალავერდელის სვინაქსარული ცხოვრება. გარკვეული ადგილი დაუთმეს ასურელ მამებს ანტონ I-მა „მარტირიკაში“ და იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“.
ა. მ. ც-ის მოკლე რედაქციები შესულია „ქართლის ცხოვრებაშიც“.
ლიტ. იხ. სტ-თან ასურელი მამები.
ლ. მენაბდე