ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რ-იც VI ს-ში მოვიდა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან როგორც „ათორმეტი“ ან „ათსამმეტი ასურელი მამანი“. სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12–13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.
ა. მ-ის საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტ. რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ა. მ. დიოფიზიტები იყვნენ. კ. კეკელიძე მათ ქართვ. მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც ჩავიდნენ სირიელი მოღვაწეები. საქართველოში ა. მ-ის წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იყო იოანე ზედაზნელი. პირველად VI ს. I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI ს. შუა წლებში – იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით; ბოლოს, VI ს. 70-იან წლებში კი – აბიბოს ნეკრესელი. ისტორიამ შემოინახა იმ ა. მ-ის სახელები, რ-თა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.
აღმ. საქართველოში ა. მ-მა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართ. წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდ. კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდ. მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართ. ქრისტიანული კულტურის გავრცელება-განმტკიცებას, ნიადაგს უმზადებდა განმათ. ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ, განამტკიცებდა ბერძნ.-ბიზანტ. ორიენტაციას კულტ.-პოლიტ. სფეროში. ამავე დროს ეს სავანეები ქართ. მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. დიდი იყო ა. მ-ის მოღვაწეობის სოც.-ეკონ. შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ა. მ-ის მრწამსი კი, რ-საც უკიდურესი ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში ვერ გავრცელდა და ა. მ-ის ინდივიდ. თვისებად დარჩა. ქართ. ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა. ა. მ-ის მოღვაწეობა საქართველოში ქრისტ. აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან ტრად. კულტ.-რელიგ. ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტ-რა შეიქმნა (იხ. ასურელ მამათა ცხოვრებანი).
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955.
ლიტ.: კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მეტრეველი ს., წმინდა ასურელ მამათა „წამება-ცხოვრებანი“, თბ., 2010; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
ბ. ლომინაძე