ართვინის ოკრუგი, რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ სამხრ.-დას. საქართველოში. შეიქმნა 1878 (20. IX) ბათუმის ოლქის შემადგენლობაში მას შემდეგ, რაც ეს მხარე დათმო რუსეთ-ოსმალეთის ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა. ა. ო. მოიცავდა ისტორიული ძვ. კლარჯეთის საერისთავოს მნიშვნელოვან ნაწილს (კლარჯეთი, ლიგანის უდიდესი ნაწილი და შავშეთ-იმერხევი). 1883 (27. VI) ა. ო. ქუთაისის გუბ. შემადგენლობაში შევიდა. იგი დაიყო ართვინის, არტანუჯის და შავშეთ-იმერხევის უბნებად. 1903 (1. VII) ა. ო. კვლავ ბათუმის ოლქის შემადგენლობაში მოექცა.
ა. ო-ის ადმ. ცენტრი იყო ქ. ართვინი. ფართობი – 3272 კმ² (1904); დასახლ. პუნქტი – 165 (1905); მოსახლ. საერთო რაოდ. 1882 წ. – 38 443, 1905 წ. – 58 418 კაცი. აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ყარსის ოლქში შემავალი არტაანის ოკრუგი და მისგან არსიანის ქედით გამოიყოფოდა; სამხრ-ით – ყარსის ოლქის ოლთისის ოკრუგი და თურქეთი, რ-თაგანაც არსიანის ქედის დას. განშტოების თოფ-ოღლის მთაგრეხილით იყო შემოსაზღვრული; დას-ით – თურქეთი, მათი გამყოფი სასაზღვრო ხაზი პონტოს ქედს გასდევდა; ჩრდ-ით ბათუმის ოკრუგისაგან გამიჯნული იყო არსიანის ქედზე მდებარე ჭირუხის მწვერვალით, შავშეთის ქედით, კარჩხალის მთაგრეხილით, ბორჩხის ქედით და ლაღისტბაშის მთით. ა. ო. ყოველი მხრივ ბუნებრივი სასაზღვრო ხაზებით შემოფარგლულ ერთ მთლიან გეოგრ. ერთეულს წარმოადგენდა. მას ჭოროხის აუზის ცენტრ. ნაწილი ეკავა. ასევე მთლიანი იყო იგი ეთნიკური თვალსაზრისითაც, ოკრუგის მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანი ქართველები შეადგენდნენ. 1916 აღწერის მიხედვით, 61 ათ მოსახლიდან 56 ათ. მაჰმადიანი ქართველი იყო. ქართული კარგად იყო შენარჩუნებული ლივანაში (ძვ. ლიგანი), მურღულის ხეობაში, ზემო შავშეთსა და იმერხევში.
1916 – 18 ა. ო-ის უფროსი, ხოლო შემდეგ კომისარი იყო ი. პ. ნაკაშიძე, რ-მაც აღწერა ეს მხარე დემოგრაფიულად, სტატისტიკურად და გეოგრაფიულად.
1918 წ. 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა თურქეთს ყარსის, არტაანისა და ბათუმის მხარეები დაუთმო. ტრაპიზონისა და ბათუმის საზავო კონფერენციებზე ქართვ. დიპლომატები დიდხანს იბრძოდნენ ამ უსამართლო გადაწყვეტილების შესაცვლელად. იმავე წლის 7–15 აპრილს ოსმალეთის ჯარებმა ბათუმის ოლქი და, შესაბამისად, ართვინის რეგიონიც დაიკავეს. I მსოფლიო ომში (1914–18) თურქეთის დამარცხების შემდეგ, 1919–20 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მესხეთის უდიდესი ნაწილის შემოერთება შეძლო და ა. ო., ისტორიული კლარჯეთი, საქართველოს დაუბრუნდა. 1920 წ. 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ბათუმის ოლქი და, შესაბამისად, მასში შემავალი ა. ო. საქართველოს შემადგენელ ნაწილად ცნო. 1921 საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თურქეთმა იმავე წლის 23 თებერვალს ართვინის მხარის ოკუპაცია მოახდინა. 1921 რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებით ა. ო. თურქეთმა შეიერთა.
ლიტ.: ნ ო ზ ა ძ ე ვ., საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989; ც ი ნ ც ა ძ ე ზ., ჭოროხის აუზის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, კრ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, ტ. 9, თბ., 1980.
ო. ჟორდანია
ზ. ცინცაძე