არმაზისხევის აბანო

არმაზისხევის აბანო, II–III სს. აბანო არმაზისხევში (მცხეთა), ერისთავთა სამყოფელ-განსასვენებლის ჩრდ.-აღმ. ნაწილში. გათხარეს 1937–38 (ხელმძღვ. ა. კალანდაძე). შედგება 5 განყ-ბისაგან: გასახდელი დარბაზი, საცეცხლფარეშო და 3 საბანაო განყ-ბა – ცხელი (კალდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი), ცივი (ფრიგიდარიუმი). ცხელი და თბილი განყ-ბები თბებოდა იატაკქვეშ მოწყობილი კალორიფერის სისტემით (ჰიპოკაუსტი). შენობის საერთო სიგრძეა 22 მ, ხოლო უდიდესი სიგანე – 8,8 მ.

ა. ა. განეკუთვნება რომაულ აბანოთა ჯგუფს, რ-ის აღწერას პირველად ვიტრუვიუსთან ვხვდებით. მსგავსი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში, სირიაში. საქართვ. ტერიტორიაზე გვხვდება აგრეთვე ბაგინეთში, ძალისში, ურბნისში, ციხისძირში, ბიჭვინთაში, შუხუთში, ნოქალაქევში. ასეთი აბანო აღმოჩენილია სომხეთშიც (გარნისი). აბანოების სიმრავლე გვიანდ. ანტ. ხანის საქართვ. ქალაქური ცხოვრების, კერძოდ, სანიტ.-კომუნ. კულტ. მაღალ დონეზე მიუთითებს.

ლიტ.: იხ. სტ- თან არმაზისხევი.

ა. აფაქიძე