არმაზისხევი, იბერიის (ქართლის) მეფეთა პიტიახშების (ერისთავების) რეზიდენცია მცხეთის დას-ით, მდ. მტკვრისა და არმაზისხევის შესართავთან. გათხრები ჩატარდა 1937–46 (ხელმძღვანელები: ა. კალანდაძე, ა. აფაქიძე, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე). აღმოჩნდა გვიანდ. ანტ. ხანის სასახლის, მარნის, აბანოს, წყალსადენის, კერამ. სახელოსნოს ნანგრევები. პიტიახშთა საგვარეულოს წარმომადგენელთა სამარხები (II–IV სს.), აგრეთვე რამდენიმე ღარიბული სამარხი (მ. შ. 3 კრამიტსამარხი). ა-ში გათხარეს გვიანდ, ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის 9 ორმოსამარხიც, რ-თა აღმოჩენა მოწმობს, რომ პიტიახშთა რეზიდენცია ძვ. ნამოსახლარზეა აგებული. გამოვლენილია ადრინდ. ფეოდ. ხანის 112 ქვის სამარხი, იმ პერიოდისათვის ტიპური მასალითურთ (საკინძები, მშვილდსაკინძები, საყურეები, მინის სანელსაცხებლეები და სხვ.).
პიტიახშთა სასახლე კრამიტით დახურული, თავის დროზე მდიდრულად შემკული ქვითკირის კაპიტალური ნაგებობა ყოფილა, ამაზე მეტყველებს გათხრის დროს აღმოჩენილი თლილი ქვის ხუროთმოძღვრული დეტალები (კარის ჩარჩო, ზღურბლი, კარნიზი, სვეტისთავი, ბაზა და სხვ.). სასახლის კომპლექსში შედიოდა აგრეთვე აბანო (იხ. არმაზისხევის აბანო) და მარანი.
პიტიახშთა საგვარეულო განსასვენებლის გათხრის დროს აღმოჩნდა განსაკუთრებით მდიდრული და მრავალფეროვანი ნივთიერი არქეოლ. მასალა. გათხრილია II–IV სს. 19 მდიდრული სამარხი. 2 სარკოფაგი გამოთლილი იყო ქვიშაქვის მთლიანი ლოდისაგან, დანარჩენი კი ქვიშაქვის ფილებისაგან შედგენილი ქვაყუთები იყო. ერთ-ერთ სარკოფაგს და 6 ქვაყუთს ორფერდა სახურავი ჰქონდა, დანარჩენი სამარხები ბანურსახურავიანი იყო. II–III სს. სამარხები ინდივიდუალურია, IV ს. სამარხებში კი თითოში 2–4 ჩონჩხი აღმოჩნდა. ყველა სამარხი ინჰუმაციურია. დადასტურდა მეორადი დაკრძალვის ერთი შემთხვევა (ე. წ. ბერსუმას სამარხი, III ს.). სამარხები (ერთის გარდა) დამხრობილია აღმ-იდან დას-კენ. მიცვალებული იწვა ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ.
მიცვალებულები დასვენებული იყვნენ ხის სარეცლებზე, რ-თა ფიგურული ფეხები ვეცხლით იყო მოჭედილი. სამარხებში ჩატანებული ჰქონდათ ვერცხლის პარადული ჭურჭელი, მ. შ. რელიეფური მედალიონებით შემკული პინაკები (ერთ-ერთზე ქალღმერთია წელზემოთ, ხელში სიუხვის ყანწით, მეორეზე კი – მამაკაცის ბიუსტი), ოქროს მოოჭვილი სამკაული (დიადემები, ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები) და ტანსაცმლის ნაწილები (შემორჩენილია აბზინდები, ბალთები); მინის ჭურჭელი, ოქროსა და ვერცხლის რომაული და პართული მონეტები და სხვ.
ვერცხლისა და მინის ჭურჭლის უმეტესი ნაწილი შემოტანილია რომიდან და რომის იმპერიის აღმ. პროვინციებიდან, ოქროს სამკაული კი ძირითადად ადგილ. ნაწარმია. ა-ის პიტიახშთა სამაროვანზე აღმოჩენილმა მასალამ მთელი ბრწყინვალებით პირველად წარმოაჩინა ძვ. ქართ. ოქრომჭედლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა პოლიქრომულმა სტილმა სრულყოფის მწვერვალს მიაღწია. ა-ის ოქროს ნივთები შემკულია ალმანდინის, ალმასის, ამეთვისტოს, აქატის, ზურმუხტის, ლაჟვარდის, მარგალიტის, ნეფრიტის, ონიქსის, საფირონის, ფირუზის და სხვ. ძვირფასი, ნახევრად ძვირფასი და ფერადი თვლებით. თვლებზე ხშირად ამოკვეთილია გამოსახულებები და წარწერები. ზოგიერთი მათგანი ანტ. ხელოვნ. იშვიათ ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ა-ში ნაპოვნი ადგილ. ნახელავი გემების მნიშვნელოვანი ჯგუფი. ირკვევა, რომ გვიანდ. ანტ. ხანის მცხეთაში მუშაობდნენ როგორც მოწვეული (ბერძენ-რომაელი), ისე ადგილ. ოსტატ-გლიპტიკოსები (იხ. გლიპტიკა).
საქართვ. ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ა-ის გათხრების დროს აღმოჩენილმა ეპიგრაფიკულმა ძეგლებმა, რ-თა შორის უმნიშვნელოვანესია სერაფიტის ბერძნ.-არამ. ეპიტაფია (იხ. არმაზის ბილინგვა) და ე. წ. შარაგასის სტელა (იხ. არმაზის მონოლინგვა). ბერძნ. და არამ. (არმაზული) წარწერების გაშიფვრამ ახლებური წარმოდგენა შექმნა იბერიის სახელმწიფოს უმაღლეს სამოხელო აპარატზე, ცნობილი გახდა მმართველი ზედაფენის წარმომადგენელთა სახელები (მეფეები ქსეფარნუგი და ფლავიოს დადი, პიტიახშები ასპარუგი, ბერსუმა, ზევახი (ჯავახი), შარაგასი, ეზოსმოძღვარი იოდმანგანი, ასპარუგის მეუღლე კარპაკი, ზევახის ასული სერაფიტი და სხვ.).
ა-ის არქეოლ. ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და იქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ლიტ.: მცხეთა. [ტ.] 1 – არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937–1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955.
ა. აფაქიძე