ალი

ალი (ხაშურის რ-ნი). ღვთისმშობლის ეკლესია. XVI–XVII სს.

ალი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, გომ–ჭიათურის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი, ცხეთიჯვარი,). ზ. დ. 760 მ. ხაშურიდან 22 კმ. 11 ათ. მცხ. (2014).

ა-ის მდებარეობამ აღმ. და დას. საქართვ. ისტ. გზასაყარზე ხელი შეუწყო მის დაწინაურებას. XII ს-ში ა. ფეოდ. ქალაქია. საქართველოში მონღოლთა გაბატონების (XIII ს.) შემდეგ თანდათან დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVII ს-ში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ა. სამეფო ქალაქი იყო და მოურავი ჰყავდა.

სოფლის ჩრდ-იდან იცავდა ქვითკირის მაღალი გალავნით შემოზღუდული ა-ის ციხე, სამხრ-იდან – ნაბახტევისა. ა-ის ციხე კონტროლს უწევდა მდ. ფრონის ხეობით შიდა ქართლიდან იმერეთში გამავალ გზას. ციხეს მისადგომი დას. მხრიდან აქვს. ამ მხარესვეა მთავარი თავდაცვითი ნაგებობანი, შემორჩენილია აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. ისტ. წყაროებში ა-ის ციხე პირველად იხსენიება XVII ს. დასაწყისში, მაგრამ კედლების ნანგრევები და კერამ. ნაშთი მიუთითებს, რომ ციხე აქ ადრეც არსებობდა. ანტ. ხანაში საფორტიპიკაციო ნაგებობის აქ არსებობას ადასტურებს აგრეთვე 1972 გათხრილი ძვ. წ. VII–IV სს. სამაროვანი და ნამოსახლარი. ა-ში არის გვიანდ. შუა საუკ. ეკლესია „დედაღვთისა“ და კვირაცხოვლის გუმბათოვანი ეკლესია (1810), სოფლის მახლობლადაა ღვთისმშობლის (უსანეთის) და წმ. გიორგის ეკლესიები, მდ. ფრონეს გაღმა მხარეს დგას ღვთისმშობლის ეკლესია, ე. წ. ა-ის საყდარი. ეს უკანასკნელი ნაგებია კლდის ქვით და დუღაბით. მოგვიანებით აღდგენილი და შეკეთებულია აგურით. მის ირგვლივ ძვ. ნამოსახლარია.

1925 ა-ში აღმოჩნდა განძი: 471 ვერცხლის მონეტა (თარიღდება 1310–1401 წლებით). იხ. ალის განძი.

ლიტ.: გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. კრ.: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, [ტ.] 7, თბ., 1989; მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.

ჯ. გვასალია

გ. ცქიტიშვილი