აკლება

აკლება, ქართული ფეოდალური სამართლის მიხედვით: 1. დანაშაულის სახე. გავრცელდა შუა საუკუნეების დასასრულს, როცა სახელმწიფო ხელისუფლების დასუსტების შედეგად გაძლიერდა ფეოდალთა თვითნებობა და ძალმომრეობა.

ფეოდალები ურთიერთს მიუხდებოდნენ, მამულს უოხრებდნენ და ყმებს უწიოკებდნენ, რაც საკმაოდ ასუსტებდა ქვეყანას. სახელმწ. ხელისუფლება დევნიდა ამკლებთ, მაგრამ ორმეფობის დროს 1692–95 მომხდარი ა-ისთვის გამარჯვებული მეფის ხელისუფლება დამნაშავეს პასუხს აღარ სთხოვდა. ვახტანგ VI-ის სამართ. წიგნში ნათქვამია: „ორბატონობასა და ორიანობაში ერთის მეორისაგან მიხდომა, მოკვლა, აკლება, წართმევა და მოტაცება დალაშქრევა არ იხსენიების, არც გამოიკიდების“ (მ. 176). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში ა. ასევე ნახსენებია 207 2-ე მუხლში, რ-იც მთლიანად მიბარებას და თხოვებას ეხება. ა. ნახსენებია ასევე საქონლის პატრონის მივარდნასთან ერთად (კაცს რომ კაცის რა გინდა რა საქონელი ებაროს, ვისაც აბარია, იმას რომ თავის ბატონი გაუწყრეს და აიკლოს და ის მიბარებული საქონელიც გაატანონ, იმისი ასრე იქნას...).

2. სასჯელის ღონისძიება (იხ. დარბევა).

წყარო: სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963.

გ. ნადარეიშვილი