ავლაბარი

ავლაბარი რიყის პარკი
ავლაბარი ციციანოვის აღმართი ერმაკოვის ფოტო

ავლაბარი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს – რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. ამჟამად შედის თბილ. ისნის რ-ნში.

თანამედროვე ა-ს XI–XIII სს. ისტ. წყაროებში „ისანი“ ეწოდება. სიტყვა „ავლაბარი“ XIV ს-ში ჩანს დამკვიდრებული. თუმცა „ავლაბრის“ პარალელურად „ისანი“ შემდეგაც იხმარებოდა. ა-ის მთავარი უბნები იყო სოღდებილი (საგოდებელი) და მეტეხი. არქეოლ. მასალის მიხედვით ა-ის ტერიტ. ძვ. წ. I ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII ს-ში ა-ს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი – ა-ის გალავანი, რ-იც მთელ ა-ს ერტყა გარს, და მეორე – თბილისის ანუ ქალაქის გალავანი – ისან-ავლაბრის ციხის გარშემო, რ-იც მტკვრის მარჯვ. მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდ. ხანის ქალაქის რთულ თავდაცვითრ სისტემაში შედიოდა. კალა-თბილისსა და ა-ს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ა-ის ხიდი. ე. წ. ა-ის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ა-ში მრავალი სავაჭრო-სახელოსნო და ეკლესია იყო. მატერ. კულტურის ძეგლთაგან ა-ში შემორჩენილია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, დარეჯან დედოფლის სასახლე – „საჩინო“, ფორაქიშვილის დარბაზი, რამდენიმე ეკლესია და სხვ.

ლიტ.: ბერძენიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში (ქართ. დოკუმ. მასალის მიხედვით), თბ., 1965; თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბ., 1958; ტყეშელაშვილი ო., თბილისის წარმოქმნა-განვითარება, «მნათობი», 1986, № 7–8.

ო. ტყეშელაშვილი