ჟურნალი, ხელოვნებისა და მეცნიერების ყოველთვიური კრებული, ქართველ სტუდენტთა ეროვნული გაერთიანებითიანებისა და ქართველ მწერალთა ერთობლივი გამოცემა. გამოდიოდა 1929–86 პარიზში. სხვადასხვა დროს რედაქტორობდნენ ვ. ნოზაძე, გ. ყიფიანი, ე. პაპავა, ა. და თ. პაპავები, ი. მანწკავა. ჟურნალის მხატვარი იყო მ. ბილანიშვილი. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ: ს. ბერეჟიანი, ე. თაყაიშვილი, ვ. ნოზაძე, შ. ამირეჯიბი, რ. არსენიძე, ა. ცომაია, მ. ხუნდაძე, რ. ივანიცკი-ინგილო. მრავალი მათგანი ფსევდონიმითაც იბეჭდებოდა. მრავალფეროვანია ჟურნალში დაბეჭდილი სტატიების ჟანრობრივი თემატიკა. იგი მოიცავს საქართვ. ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკის, გეოპოლიტიკის, საერთაშ. სამართლის საკითხებს. ჟურნალის ნომრები ინახება გ. შარაძის კერძო კოლექციაში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმში.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 3, თბ., 2003.
თ. დოლიძე