ელიავა ლიანა ტარასის ასული (დ. 31. VIII. 1939, ხობი), კინორეჟისორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1962) და კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1969, მ. რომის სახელოსნო). გადაღებული აქვს ფილმები: „ბზიანეთი" (1969), „ეპისკოპოსი ნადირობაზე" (კინოალმანახი "დიდი ხნის წინათ", 1971), "მშვენიერი კოსტიუმი" (1973), "ფერმა მთაში" (კინოალმანახი "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში", 1974), „სინემა" (1977; 1979 ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების კარლო ლიძანისა და ალბერტო მორავიას მიერ ჩვენებაზე წარდგენილმა ამ ფილმმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ვინაიდან ამ წელს პრიზებს არ ანიჭებდნენ, მიიღო ოქროს მედალი – მონაწილეობისათვის). მისი ფილმებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, პოეტურობა და ფორმის შეგრძნება. ე. ავტორია წიგნებისა „სიზმრად ნანახი ფილმები" (თბ., 2004), „კინო უეკრანოდ" (თბ., 2011) და სხვ. 1999-იდან ცხოვრობს ფინეთში.