იაშვილი რევაზ იოსების ძე (16. VII. 1929, თბილისი, – 2. VIII. 1996, იქვე), მხატვარ-კერამიკოსი, თანამედროვე ქართული შავკრიალა კერამიკის ფუძემდებელი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985).
1947–55 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. 1960–96 იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1974-იდან პროფესორი).
1979–80 ი-მა შეიმუშავა კერამ. ჭიქურების მოხატვის საკუთარი მეთოდიკა – ე.წ. „მშრალი ჭიქურები". მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ლაკონიური და მეტყველი ფორმები, უბრალოება, მხატვრული განზოგადება, ეროვნ. ტრად. ელემენტების ჰარმონიული შერწყმა თანამედროვე მხატვრულ ფორმებთან.
ნამუშევრები: „მცირე ზომის პლასტიკა" (1959, საპატიო დიპლომი, ქ. ოსტენდეს კერამ. მსოფლიო გამოფენაზე, ბელგიაში), ღვინის ჭურჭელი – „ირემი" (1960, ოქროს მედალი სსრკ-ის სახ. მიღწევათა გამოფენაზე), „ხარი" (1962, ვერცხლის მედალი პრაღის კერამ. მსოფლიო გამოფენაზე); გააფორმა წყაროები ზედაზენზე (1965), რიკოთის უღელტეხილზე (1966), წყალტუბოში (1966).
1990 ჩიკაგოს (აშშ) საერთაშ. გამოფენაზე ქართ. მხატვრული კერამიკა წარმოდგენილი იყო ი-ის რეტროსპექტული კოლექციით.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.