კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის, მდ. კინტრიშის ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზ. დ. 300–2500 მ-ზე. მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის ტერიტორიაზე ჭარბტენიან ჰავას წარმოქმნის, რაც აქ უნიკალური ფლორის არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორია. დაცულ ტერიტორიებს ჩრდ-ით ესაზღვრება ქობულეთის სატყეო მეურნეობის ადმინისტრაციის, სამხრ.-აღმ-ით – შუახევის მუნიციპ-ის, სამხრ-ით – ქედის მუნიციპ-ის ტერიტორიები, სამხრ.- დას-ით კი მტირალას ეროვნ. პარკი.
კინტრიშის სახელმწ. ნაკრძალი 1959 შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობის ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.
2007 კინტრიშის სახელმწ. ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა დაცული ლანდშაფტი. 2018 რეკატეგორიზაციის შედეგად მას სტატუსი შეეცვალა და გახდა ეროვნ. პარკი. კ. დ. ტ-ის ადმინისტრაცია ამჟამად ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას – კინტრიშის სახელმწ. ნაკრძალს და კინტრიშის ეროვნ. პარკს მართავს.
კ. დ. ტ-ის საერთო ფართობია 13514 ჰა, კერძოდ, კინტრიშის სახელმწ. ნაკრძალისა 3108 ჰა, კინტრიშის ეროვნ. პარკისა – 10406 ჰა. კ. დ. ტ-ის ულამაზეს ლანდშაფტს ქმნის მთიანი რელიეფი, მდ. კინტრიშის ხეობა – მცირე ზომის ღელეებითა და ვიწრო ხევებით დასერილი ტერიტორია.
კ. დ. ტ. დაახლ. 80% ტყითაა დაფარული. კინტრიშის ტყეს ახასიათებს აჭარის ენდემების სიმრავლე. ქვეტყე წარმოდგენილია კოლხური ტიპის მარადმწვანე ბუჩქებითა და გვიმრებით. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მარადმწვანე შქერიანები – პონტოს შქერის, კავკასიური დეკის, მოცვის, წყავის და იელის ბუჩქები. ეს ბუჩქნარი მთებში, არყნარებისა და პონტოს მუხების ქვეშ, ალპური და სუბალპური ზონების საზღვართან იზრდება. დაცული ტერიტორიების დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ ხე-მცენარეების 46, ბუჩქის 4 და ლიანების 8 სახეობაა გავრცელებული. ულამაზეს სანახაობას ქმნის ჯუჯა წიფლის ხეებით გარშემორტყმული ტბა ტბიყელი, გვხვდება წიფლნარი, წაბლნარი, რცხილნარი, მუხნარი, სოჭნარ-ნაძვნარი, ცაცხვნარი, თხილნარი, მურყნარი, აბზინდი, წყავის, შქერისა და დეკის რაყი. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე უთხოვრის ეგზემპლარიც იზრდება, რ-თა ასაკი 1000 წელს აღემატება. 1000-წლიან ბზის კორომებთან ერთად (ამჟამად გამხმარია) ულამაზეს პეიზაჟს ქმნის ხავსით დაფარული ქვები, რ-ებიც ჩანჩქერისაკენ მიმავალ მდინარის ნაპირს მიუყვება.
რელიქტური და ენდემური მცენარეებიდან გვხვდება პონტოს მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, თაგვისარა, ჩვეულებრივი წაბლი. საქართველოს „წითელი ნუსხის“ მცენარეებიდან კი – იმერული, პონტოური და ჰართვისის მუხა, კოლხური ბზა, უთხოვარი, მედვედევის არყი, წაბლი, ხემარწყვა, ლაფანი, უნგერნის შქერი.
კ. დ. ტ-ებზე მტაცებლებიდან ბინადრობს მურა დათვი, რ-ის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია; იშვიათად გვხვდება მგელი ან ფოცხვერი. ჩლიქოსნებიდან ტყეებში ბინადრობს შველი (ალპური და სუბალპური), სარტყლების საზღვარზე – არჩვი; მცირე ძუძუმწოვართაგან – თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ნაკრძალში კარგად არ არის შესწავლილი წავის პოპულაცია, თუმცა ხეობაში ეს ცხოველი ადრე არაერთხელ უნახავთ.
მდინარეები და ხევები მდიდარია მდინარის კალმახით (Salmo trutta fario). მდ. კინტრიშის ქვემო დინებაში ვხვდებით შამაიასა და საზანს. შავი ზღვიდან საქვირითოდ ამოსული ორაგული კინტრიშის მდინარეებში იშვიათად გვხვდება.
ამფიბიებიდან გვხვდება კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები, ასევე ხვლიკისა და გველის რამდენიმე სახეობა – ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა.
ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. კ. დ. ტ-ზე აღრიცხულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი და ჩვეულებრივი კირკიტა. ღამის მტაცებლებიდან გვხვდება ზარნაშო, წყრომი და ჭოტი.
კ. დ. ტ-ზე 28 სახეობის ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი ბინადრობს (ევროპული ზღარბი, კავკასიური ციყვი, რუხი ვირთაგვა და ღამურის რამდენიმე სახეობა).
ენტეროფაუნიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური ხოჭო ხტუნიების ოჯახიდან (Cicindela desertorum), ხოლო ხოჭოებიდან – ბზუალა (კავკასიის ენდემები – Carabus armeniacus subincatenatus, Carabus roseri Faldermann, Carabus septemcarinatus Motschulsky; საქართველოს ენდემი – Carabus ibericus chaudoirianus, აჭარის ენდემური ქვესახეობა – Carabus pushkini kintrishensis).
დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი სახეობები: კალმახი, კავკასიური სალამანდრა, მურა დათვი და წავი, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ბეგობის არწივი, შავარდენი, მცირეაზიური ტრიტონი. ყურადღებას იქცევს კასპიური შურთხი, რ-იც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსერვაციული სტატუსის მქონე ფრინველია.
2021 იუნესკომ საქართვ. ოთხ დაცულ ტერიტორიას (კინტრიშის დაცული ტერიტორია, მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კოლხეთის ეროვნული პარკი) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
ხ. წიკლაური