მელაანის არქეოლოგიური ძეგლები, აღმოჩენილი სოფ. მელაანსა (გურჯაანის მუნიციპ.) და მის მიდამოებში. სოფლის ტერიტ-ზე მრავლადაა დადასტურებული პალეონტოლოგიური მასალა. სოფლიდან 1-2 კმ-შია კახეთში პირველი აღმოჩენილი ძეგლი ქვის ხანისა - ლაკბისხევის სადგომი (1961, ხელმძღვ. ნ. ბერძენიშვილი). აქვე გამოვლინდა ძვ. ქვის ხანის (მუსტიე) იარაღები. სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს, ანტ. და ფეოდ. ხანის არქეოლ. მასალაც. განსაკუთრებით საყურადღებოა გვიანდ. ბრინჯაო-რკინის ნამოსახლარი ბორცვები: სამგლე სერი, მაიაკი, ტინის სერი, მოჭრილი გორა, საყდრიგორა, აგრეთვე ფევრების სამაროვანი, მელი-ღელეს სამლოცველოები (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური).
სოფლის სამხრ. განაპირა უბანში შესწავლილია ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყისის სამლოცველოს ნაშთი. გადამწვარი რიყის ქვების ქვეშ, ორმოებსა და თიხის ჭურჭლებში ნაპოვნია ასობით ბრინჯაოს ნივთი (იარაღი, ცხენის აღკაზმულობა). აქვე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა საბრძოლო და შრომის რკინის იარაღი, ლაგმები და თიხის ჭურჭლის ნატეხები, რ-ებზეც უმეტესად ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებია. აქვე იყო ითიფალური, ზოგჯერ შეიარაღებული შიშველი მამაკაცის ქანდაკებები. სამლოცველოს ტერიტ-ზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა ე. წ. სკვითური ისრისპირები, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამლოცველოს განადგურებაში სკვითური ისრისპირებით შეიარაღებულ მტერს მიუღია მონაწილეობა.
სამლოცველოს დას-ით, ჩალიანხევის მარცხ. ფერდზე, გამოვლინდა სამლოცველოს თანადროული სამაროვანი. შესწავლილია 6 ორმოსამარხი. დადასტურდა 2 სართულის არსებობა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1I, თბ., 2013; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973; მისივე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბ., 1965.
კ. ფიცხელაური