მევენახეობა, როგორც მეცნიერება (მემცენარეობის დარგი), სწავლობს ვაზის ბიოლ. თვისებებს, ამ თვისებების გაუმჯობესების და ვენახის გაშენება-მოვლის ხერხებსა და სისტემებს. იგი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილისაგან. ზოგადი მ. სწავლობს ვაზის ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და აგროტექნიკას; კერძო მ. - აგროტექ. ღონისძიებათა თავისებურებას სხვადასხვა კლიმატურ-ნიადაგურ და რელიეფურ პირობებში, აგრეთვე ვაზის ნერგის ზრდას სათბურებში, ამპელოგრაფიას და სელექციას.
ტარტუს უნ-ტის პროფ. ფ. კოლენატმა თავის ნაშრომაში (1846) აღწერა ქართ., აზერბაიჯანული და ველური ვაზის ჯიშები. 1890 საქართველოში, სოფ. საქარაში (ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპ.) კოლექციაში დაინერგა ამერიკული საძირე ვაზის მყნობა. 1892 გაშენდა ვაზის 12 იმერული ჯიში და განხორციელდა მათი ამპელოგრაფიული აღწერა. კავკასიის ფილოქსერას კომიტეტმა გამოსცა ნაშრომი (9 ტომად) კავკასიის (მ. შ. საქართველოს) მ-ის რეგიონების შესახებ, სადაც მოცემულია მრავალმხრივი ინფორმაცია ვაზის ჯიშების, მათი გაადგილების, ვენახების ტიპისა და სხვათა შესახებ. ვაზის სხვადასხვა ჯიში განთავსდა თელავის კოლექციაში. შემდგომში ეს პროცესი გაგრძელდა საქართვ. სხვა რეგიონებშიც. მათი შესწავლა და აღწერა საფუძვლად დაედო მდიდარ ამპელოგრაფიულ ლიტერატურას. მ-ის საკითხები შუქდებოდა ჟურნ. "საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (1921-იდან). მ-ის სპეციალისტებს ამზადებდნენ საქართვ. სას.-სამ ინ-ტსა და ტექნიკუმებში, ასევე სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებში.
საქართველოში მ-ისა და ვაზის ჯიშთმცოდნეობის საკითხების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო XX ს. 30-იანი წლებიდან. ივ. ჯავახიშვილმა ნაშრომში "საქართველოს ეკონომიური ისტორია" (1934) განიხილა საქართველოში გავრცელებული ვაზის აბორიგენული ჯიშები, მათი წარმოშობა, გავრცელება და ძირითადი მაჩვენებლები, რამაც დიდი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანაში ვაზის ჯიშების აღდგენას და შემდგომ კვლევას. 1931 ს. ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით თელავში დაარსდა საკავშ. მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (1953-იდან - საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი). მას საცდელი ბაზები ჰქონდა თელავსა და საქარაში. შემდგომში საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მ-ის კათედრის ინიციატივით დიღმის სასწ. მეურნეობაში გაშენდა დიდი საკოლექციო ნარგაობა, სადაც თავმოყრილი იყო 1200-მდე დასახელების ქართ. და უცხ. ვაზის ჯიში. მ-ის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ლ. ჯორჯაძეს, ი. წინამძღვრიშვილს, პ. იოსელიანს, ი. გუნცაძეს, ე. ნაკაშიძეს და სხვ. ვაზის ახ. ჯიშები გამოიყვანეს ნ. ჩახნაშვილმა, ვ. ქანთარიამ (თბილისური, მუსკატური რქაწითელი), დ. ტაბიძემ (ქართული ადრეული, სახალხო თეთრი), მ. რამიშვილმა, რ. რამიშვილმა (ივერია, კოლხური ვარძია, ნაცრისფერი მუსკატი), ვ. ლოლაძემ (კახური თეთრი, ვაზისუბნის მუსკატი, რქაწითელი ვარდისფერი), ვ. ბესტავაშვილმა და ვ. კვალიაშვილმა (ბესტავაშვილის თეთრა, ანაბესტი, გორული თეთრა, ხიდისთაური წითელი).
2004 საქართველო გაწევრიანდა ვაზისა და ღვინის საერთაშ. ორგანიზაციაში (OIV). ქვეყანაში 2-ჯერ ჩატარდა ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი (1962 და 2010 წწ.). 2014 შეიქმნა სსიპ სამეცნ.-კვლ. ცენტრი და ჯიღაურას კოლექცია, სადაც გაშენებულია ქართ. და უცხ. ვაზის ჯიშებისა და ველური ვაზის 1100 ნიმუშზე მეტი.
XXI ს. დასაწყისიდან ვაზის ქართ. გენოფონდი მოექცა მილანის (იტალია) უნ-ტისა და წამყვანი ინ-ტების (IPGRI, INRA, Geilweilerhot, ISDA, ARS) ინტერესის სფეროში და გახდა დიდი ევრ. პროექტების (PGRI-Caucasus Grapes, GrapeGen06, COST FA 100) თანამონაწილე. ერთობლივი კვლევის შედეგად განხორციელდა ვაზის ჯიშებისა და ველური ვაზის დახასიათება ამპელოგრაფიული, ენოლოგიური, ტაქსონომიური, მოლეკულური და სხვა მეთოდებით. დადასტურდა ქართ. გენოფონდის გენეტიკური სიმდიდრე და უნიკალურობა. გამოვლინდა ვაზის ჭრაქის, ნაცრისა და ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ გამძლე ტრადიციული ჯიშები, რ-თაც შეუძლიათ უდიდესი როლი შეასრულონ ახ. იმუნური ჯიშების შექმნაში. საქართვ. ველური ვაზის შესწავლა და ვაზის დომესტიკაციის პროცესების ახსნა წარმატებით მოხერხდა. კვლევის შედეგების რეიტინგულ ჟურნალებში გამოცემით მნიშვნელოვნად გაიზარდა სამეცნ. ინტერესი ქართ. ვაზისა და მ-ის მიმართ. მევენახეობა-მეღვინეობის დარგებით დაინტერესდნენ ახალგაზრდები. თბილ. უნ-ტებსა (აგრ. უნ-ტი, ტექნ. უნ-ტი და კავკ. საერთაშ. უნ-ტი) და ქუთაისში ზოგად აგრონ. დისციპლინებთან ერთად ფუნქციონირებას იწყებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
ლიტ.: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, თბ., 1960; ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, წგ. საქართველოს ვაზის ჯიშები, II, თბ., 1954; Maghradze D., Rustion L., Turok J., Scienza A., Foulla O. Caucasus and Northern Black Sea Region Ampelopraphy. Vitis (spocid issue), 2012.
დ. მაღრაძე
ნ. ჩხარტიშვილი