მეხილეობა, მემცენარეობის დარგი, რომელიც ითვალისწინებს ხეხილოვანი კულტურების გაშენებას ნაყოფის მიღების მიზნით. მ. (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი კულტურები), ისევე როგორც მეკენკრეობა (იხ. კენკროვანი კულტურები), სანერგე მეურნეობა, სუბტროპ. მეხილეობა და მეციტრუსეობა, მემცენარეობის დამოუკიდებელ დარგებად ითვლება. ხეხილოვანი მცენარეების ნაყოფი კვების ძვირფასი პროდუქტია. შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), ორგ. მჟავებს, მინერ. და არომატულ ნივთიერებებს, C, B1, B2, B6, P, PP ვიტამინებს, A პროვიტამინს (კაროტინს) და სხვ. კაკალში (ნიგოზი), პეკანში, თხილში, ნუშში 22%-მდე ცილაა და კალორიულობით ისინი კარაქს უტოლდება. ხეხილოვანი კულტურების ნაყოფისაგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ხილფაფას, მარმელადს, ჯემს, უალკოჰოლო წვენებს, სპირტსა და სხვ.
მ., როგორც მეცნიერება, შეისწავლის ხილ-კენკროვანი კულტურების აგებულების, ზრდა-განვითარების, გამრავლებისა და ნაყოფიერების კანონზომიერებებს, ცალკეული კულტურების ჯიშების მიხედვით ამუშავებს აგროტექ. მეცნ. საფუძვლებს.
ხეხილის დაახლ. 10 ათ. ჯიშიდან ფართოდაა გავრცელებული 1500. ჯიშებს შეისწავლის და აღწერს პომოლოგია.
მ-ის სამშობლოდ ითვლება წინა და შუა აზია, სამხრ. კავკასია და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო.
საქართველოში მ. ერთ-ერთი უძველესი დარგია. ქვეყნის ტერიტ-ზე ველური და კულტ. ხილეულის სიუხვეზე მიუთითებენ უძველესი დროის ისტორიკოს-მოგზაურები. მათი ცნობებიდან ჩანს, რომ კოლხეთსა და იბერიაში მოიპოვებოდა ვაზი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ბროწეული, კაკალი, თხილი და სხვ. ამაზე მეტყველებს აგრეთვე საქართვ. ტერიტ-ზე აღმოჩენილი არქეოლ მასალა, რ-იც პალეოლითის ხანას განეკუთვნება. გვიანდ. ბრინჯაოს ხანის განათხარ ძეგლებში ნაპოვნია ბაღის დანები, სასხლავები, საჩეხები და სხვ. ხელსაწყოები; ყურძნის, ატმისა და სხვა კულტურათა ნაშთები.
მ-ის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანია ხეხილის მყნობის როლი, რ-მაც ევოლუციური გადატრიალება მოახდინა კულტ. ხილის გამრავლება-გაუმჯობესებაში. ივ. ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ ქართველმა მეურნეებმა მყნობა უკვე XI-XII სს-ში იცოდნენ.
XIX ს. II ნახ-იდან დაიწყო ევროპიდან ხეხილის ძვირფასი ჯიშების შემოტანა. ნ. კეცხოველისა და ს. ხეთაგურის დიდი ძალისხმევით. ხილის ნერგები გაშენდა ქართლში (მერეთი, ტყვიავი, ნიქოზი). მათ მიერ გაშენებულ ბაღებში ხეხილის 200-ზე მეტი ჯიში იყო წარმოდგენილი, მ. შ. გამოირჩეოდა ადგილობრივი ჯიშები: კეხურა, თურაშაული, აბილაური, შაქარნაბადა, გულაბი, ქართ. შავი ქლიავი და სხვ.
საქართველოში მ-ის მეცნ. კვლევას საფუძველი ჩაეყარა 1894, როდესაც შეიქმნა სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელი სადგური და სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური, აგრეთვე საქართვ. მ-ის ზონალური სადგ. (1931). 1930 ჩამოყალიბდა მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (შემდგომ – საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი). კვლევას აწარმოებდა ასევე ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (ანასეულში), ფუნქციონირებდა ი. მიჩურინის სახ. მ-ის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი და სხვ. 1952-იდან ტარდებოდა საერთაშ. კონგრესები.: მ-ის პრობლემები შუქდებოდა ქართ. ჟურნალებსა („გუთნის დედა“, „მოსავალი“, „საქართველოს სოფლის მეურნეობა“) და გაზეთებში („სასოფლო გაზეთი“, „ცისკარი“, „მეურნე“) და სხვ.
შეიქმნა სპეციალიზებული სას.-სამ. სასწავლებლები სხვადასხვა სოფელში (ვარციხე, მუკუზანი, ნაფარეული, წინანდალი, კარდენახი, მუხრანი, მანავი, სკრა), სელექციონერებმა გამოიყვანეს ხეხილის ახ. ჯიშები, შემუშავდა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი. მ-ის განვითარებაში წვლილი შეიტანეს ნ. ხომიზურაშვილმა, ნ. კეცხოველმა, ე. ერისთავმა, პ. კაჭარავამ, თ. ცერცვაძემ, ვ. ბესტავაშვილმა და სხვ.
ხეხილოვანი კულტურებისა და ჯიშების სწორად გაადგილების მიზნით საქართველო დაყოფილია მ-ის ზონებად, რ-საც საფუძვლად უდევს ზონაში გაერთიანებული რეგიონების ეკოლოგიური პირობები და მ-ის საწარმოო მიმართულება. ეს ზონებია: კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მესხეთის, აღმ. საქართველოს მთიანი ზონა, იმერეთის, გურია-სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, აფხაზეთისა და აჭარის.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე ხილი საქართვ. სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა და ქვეყნისთვის დიდ მოგებას იძლეოდა. 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ შეცვალა მ-ის წარმოების სტრუქტურა და მიმართულებები, ბაღები დანაწევრდა მცირე ნაკვეთებად, შემცირდა ხეხილის ბაღების ფართობი (48%-ით), ხილის საშ. საჰექტარო მოსავლიანობამ შეადგინა 3-5 ტ. ბოლო დროს მ-ის სექტორში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრში ფუნქციონირებს მეხილეობის კვლევის სამსახური და სოფ. ჯიღაურის (მცხეთის მუნიციპ.) მრავალწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა. ჯიღაურ-აში გვხვდება 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი დაკენკროვანი კულტურების სადედეები; ვაზის ქართული საკოლექციო ნარგაობა (470 ქართული და 350 უცხოური ჯიში), ასევე ვაზის კულტურული და ფილოქსერაგამძლე ჯიშების და კონების საბაზისო სადედეები.
ლიტ.: საქართველოს მეხილეობა, ტ. 1-3, თბ., 1969-73; სოფლის მეურნეობა, თბ., 2013.
შ. დიასამიძე
გ. ჯომარდიძე
ლ. გოგინავა