„მზე შინა და მზე გარეთა“

მზე შინა და მზე გარეთა“, ძეობის, ბავშვის დაბადების რიტუალთან დაკავშირებული წარმართული ქართ. ხალხ. ორხმიანი სიმღერა, აგრეთვე საწესო ფერხულ „სამაიას“ ნაირსახეობა. ლექსი უკავშირდება მზის თაყვანისცემასა და ნაყოფიერების კულტს. მონაცვლეობით ასრულებდა 2 ქალი. ამას მოსდევდა ღამისთევა გართო­ბა-თამაშით, რ-შიც მონაწილეობდნენ ქალებიცა და კაცე­ბიც. ხანდახან ისროდნენ თოფს ავი სულების დასაფრთხობად. მესამე დღეს ბავშვის დედას ტახტრევანზე აწვენდნენ. იწყებოდა მილოცვები სიმღერით, სიმღერითვე მიმართავდნენ მზეს: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო...“, რ-ის ფონზეც ცეკვავდნენ ფერხულს. სასიმღერო რიტმის მიხედვით (გურული 6/8, მეგრული 2/4) ცეკვა ნარნარი ხასი­ათისა უნდა ყოფილიყო. ძეობის რიტუალი 2 კვირას გრძელ­დებოდა. ცნობილია საძეობო სიმღერის მრავალი ვარიანტი. მათში მეტ-ნაკლებადაა დაცული ძვ. სარიტუალო წესის ელემენტები (მაგ. ცხვრის მსხვერპლშეწირვა). ამ სიმღერას ასრულებდნენ, ასევე, სახადით ავადმყოფობისას და ბავშვის დაძინებისას ჩონგურის ან ჭიანურის თანხლებით.

ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რიტუალი მთიან ქართლში, „საქართველოს მუზეუმის მოამბე“, 1927-1928; ტ. 4; თეიმურაზ მეორე, სარკე თქმულთა, თხზ. სრ. კრ., თბ., 1939; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.

. ჩხიკვაძე