"თემი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

კულტურის საკითხებისადმი მიძღვნილი სოციალ-ფედერალისტური მიმართულების გაზეთი, რ-იც ერთა თანაცხოვრების იდეას ქადაგებდა. გამოდიოდა ორშაბათობით თბილისში 1911–15. გამომცემელი და მთავარი რედაქტორი იყო გ. დიასამიძე, თანარედაქტორი – ს. მგალობლიშვილი. 1912-იდან დროდადრო ერთოდა მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი მიძღვნილი ილუსტრირებული დამატებები, რ-ებიც უფასოდ ურიგდებოდა ხელის მომწერებს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართვ. მოღვაწეთა შესახებ წერილები ფოტოილუსტრაციით ქვეყნდებოდა. "თ-ში" დოკუმენტური სიზუსტით აისახა ა. წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, დაიბეჭდა მისი გარდაცვალების, თბილისში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ფოტომასალები. თ-ში გამოქვეყნებულია ს. მგალობლიშვილის "მოგონებები", ა. წერეთლის პუბლიც.-იუმორისტული ციკლი "ნადუღი", "ჩემი თავგადასავალი", ა. ლაისტის "მოგონებები" და სხვ.

ლიტ.: ჩ ი კ ვ ი ლ ა ძ ე დ., წერილები, თბ., 1989.

დ. ჩიკვილაძე.