"ილარიონ ქართველის ცხოვრება"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

IX ს. სასულიერო მო­ღვაწის, ილა­რიონ ქარ­თვე­ლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზუ­ლე­ბა. დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი თა­რიღ­დე­ბა 1074-ით), მეტაფრასული (ხელნაწერთა უმრავლესობა XVIII ს-ით თა­რიღ­დე­ბა), მოკლე (XIII–XIV, XVIII სს.), ძვ. სვინაქსარული (XII ს-იდან) და გვიანდ. სვინაქსარული (XVIII ს-იდან) რედაქციები. მათი წარმომავლობისა და ურთიერთმიმართების შე­სა­ხებ ორი ვარაუდია გამოთქმული: 1. ვრცელი ათონური რედაქცია ექვთიმე მთაწმინდლის მიერ ­ბერძნ. ენაზე და­წე­რი­ლი ხოტბა-ენკომიის თავისებურად გადმოკეთებას, ხოლო მეტაფრასული რედაქცია, რ-ის ავტორად თეოფილე ხუცესმონაზონი არის მიჩნეული, ათონური რედაქციის გადამუშავებას უნდა წარმოადგენდეს (კ. კეკელიძე). მოკლე რედაქცია ამ ვარაუდის გამოთქმის დროს (1919–20) არ ყოფილა გათვალისწინებული (ხელნაწერი აღმოჩნდა 1946). 2. "ი. ქ. ც." ქართ. ენაზე დაიწერა (ბ. კილანავა, მ. დოლაქიძე); მისი ვრცელი ათონური და მეტაფრასული რედაქციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა, თუმცა წყა­რო – თხზუ­ლების მოკლე რედაქცია – საერთო აქვთ. იგივე რედაქცია უდევს საფუძვლად სვინაქსარულსაც (ე. გაბიძა­შვილი). ამ ვარაუდის თანახმად, ექვთიმე მთაწმინდლისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტორობის საკითხი სა­ბო­ლო­ოდ გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება.


"ი. ქ. ც-ში" აღ­წე­რი­ლია მისი სამონასტრო მოღვაწეობა კახეთ­ში, მოგზაურობა პა­ლეს­ტი­ნაში, რომში, კონსტანტინოპოლში, თესალონიკესა და ბითვინიის ოლიმპზე. თხზულე­ბა საყურადღებოა ქართ. სამონასტრო კოლონიზაციის ისტ. შესწავლის თვალსაზრისით. ის ერთადერთი წყა­როა, რ-იც გვაწვდის ცნობებს IX ს-ში ბითვინიის ოლიმპზე ქართველთა მოღვაწეობისა და კონსტანტინო­პოლის მახლობ­ლად ჰრომანას (რომანის) ქართველთა მონასტრის დაარსების შე­სა­ხებ. თხზუ­ლების მეტაფრასული რედაქცია გამოსცა მ. საბინინმა (1882), ვრცელი ათონური – მ. ჯანა­შვილმა (1901), ძვ. სვინაქსარული – კ. კეკელიძემ (1919) და სხვ. რუსულად თარგმნეს ა. მურავიოვმა (1860) და მ. საბინინმა (1872), ლათინურად – პ. პეეტერსმა (1913).

ტექსტი: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 2–4, თბ., 1967–71.

ლიტ.: დ ო ლ ა ქ ი ძ ე მ., ილა­რიონ ქარ­თვე­ლის ცხოვრების ძველი რედაქციები, თბ., 1974; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლი­ტერა­ტუ­რის ისტორიიდან, [ტ.] 4, თბ., 1957; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლო­ბის კერები, II, თბ., 1992; მ ე ტ რ ე ­ვ ე ლ ი ე., ათონის ქართველთა მონასტრის საა­ღაპე წიგნი, თბ., 1998; ქარ­თველ წმინ­დანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003; M a r t i n H i l a r d B., La pérégrination du moine géorgien Hilarion au IX siècle, «Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie», vol. XXXIX, P., 1981; P e e t e r s P. S., Hila­rion ďIberie, «Analecta Bollandiana», XXXII, Brux., 1913.

მ. დოლაქიძე.