"კახეთი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(სააქციო საზოგადოება), პოლიგრაფიული მრეწველობის საწარმო, ტარა-შესაფუთი ნაწარმის ინდუსტრიული წარმოების ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. დაარსდა 1952 თბილისში, როგორც `საქმრეწვგაფორმება~, 1982- იდან ეწოდა საქმრეწვკომბინატი `კახეთი~, ხოლო 1995-იდან ჩა­მოყა­ლიბ­და სააქციო საზ-ბად `კ.~ საბჭ. პერიოდში შედიოდა სა­ქართვ. კვების მრეწველობის სამინისტროს ­შემადგენლობაში და 85%-ით აკმაყოფილებდა კვე­ბის მრეწველობის მოთხოვნას პოლიგრაფიულ პროდუქციაზე. გან­საკუთრებით დიდი მოცულო­ბით ამარაგებდა ტარაშესაფუთი ნაწარმით და ეტიკეტებით ისეთ დარგებს, როგორიცაა ჩაის, სიგარეტის, საკონდიტრო, მი­ნე­რა­ლური, უალკოჰოლო და ალ­კოჰოლური სასმელების, რძის პრო­დუქტების, საკონსერვო მრეწველობის დარგები.


XX ს. 90-იანი წლებიდან მკვეთრად გაფართოვდა `კ-ს~ სპეციალიზაციის სფერო და მოიცვა ქიმიური, ფარმაცევტული, მსუბუქი მრეწველობის, ელექტროტექნიკური, სოფ. მეურნეობის, სა­ყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარ­მის შეფუთვების მიმართულებაც. განხორციელდა საწარმოს გადაიარაღება, ახ. ტექნიკისა და ტექ­ნოლოგიების დანერგვა. `კ.~ სპეციალიზებულია პოლიგრაფიულად გაფორმებული ტარა-შესაფუთი ნაწარმის, მ. შ. ქაღალდის პოლიმერული ფირის, მოლითონებული ეტიკეტების, სამომხმარებლო მუ­ყაოს კოლოფების, გოფრირებული ტარის დამზადებაზე, პოლიგრაფიული სარეკლამო ატრიბუტიკის, მუყაოს საფირმო ჩანთების, ქაღალდის პაკეტების და სხვა ანალოგიური პროდუქციის წარმოებაზე. საჭირო დამხმარე მასალებს (მუყაო, საღებავები, წებო, ქაღალდი, პოლიმერული ფირები და სხვ.) იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. პროდუქცია (მუყაოს კოლოფები და ლამინირებული გოფრო-ტარა) გადის საექსპორტოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში.


ამჟამად "კ." ერთ-ერთი მძლავრი პოლიგრაფიული საწარმოა სამხრ. კავკასიაში. აქ ფუნქციონირებს ოფსეტური ბეჭდვის 13 დანადგარი, მ. შ. ყველაზე ფართოფორმატიანი 4-ფერიანი მანქანები, 4- და 6-ფერიანი ფლექსოგრაფიული საბეჭდი, "ჰაიდელბერგის" ფირმის ფურცლოვანი ციფრული ბეჭდვის, რულონური ბეჭდვის ციფრული საბეჭდი მანქანები, მუყაოს ფიგურულად კვეთის ექვსი ავტომატი (მ. შ. მსოფლიოში წამყვანი შვეიცარიული ფირმა "ბობსტის"), ლამინირების, ­ცხე­ლი ფოლგირების, თერმული ბეჭდვის, ეტიკეტების ფიგურული კვეთის შვეიცარიული ფირმა "ბლუმერის" პროგრამულ-მართვიანი ავტომატები, მუყაოს კვეთის იტალიური ტიგელური წნეხები, გამომკვეთი ტვიფრების დამამზადებელი შვეიცარიული და ფოტოპოლიმერული საბეჭდი ფორმების იაპონური მოწყობილობები და სხვ.


სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად "კში" განხორციელდა ოფსეტური ბეჭდვა წინასწარ ფოტომგრძნობიარე ოფსეტური საბეჭდი ფორმებით; ასევე პირველად დამზადდა და გამოყენებულ იქნა ფოტოპოლიმერული საბეჭდი ფორ­მები ფლექსოგრაფიისათვის, ტიპოოფ­სეტუ­რი ბეჭდვისთვის, ­ცხე­ლი ფოლგირებისთვის, ­ულტრაიისფერი შრო­ბის გალაქვისთვის; განხორციელ­და ოფსეტურად ნაბეჭდი ფურცლების "კაშირება" (ქაღალდის გადაკვრა) გოფრირებულ მუყაოზე ელიტარული ტარის დასამზადებლად (1982), აგრეთვე ოფსეტური ბეჭდვა მოლითონებულ (1991) და თვითკოპირებად (1993) ქაღალდებზე. "კ-მა" სა­ქარ­თვე­ლოში პირველმა დაამზადა მუყაოს ფიგურული კვეთის გამომკვეთი ტვიფრები და გამოიყენა მასში ე. წ. იუსტირების პლასტმასის ღარები, ასევე ჩაანაცვლა ჯანმრთელობისთვის მავნე პოლიგრაფიული პროდუქციის მობრინჯაოების ფხვნილი უვნებელი ოფსეტური ბრინჯაოს პასტით.


სა­ქარ­თვე­ლოს ბიზნესრეიტინგების კავშირის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით 2015 წლის მაჩვენებლებით "კ." ნომინირებულ იქნა ვერცხლის რეი­ტინგით როგორც "წლის ექსპორტიორი" და ოქროს რეიტინგით – როგორც "წლის იმპორტიორი".

ნ. რობიტა­შვი­ლი.