აბაზასძენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაზასძენი, ქართველ ფეოდალთა საგვარეულო. წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX–X სს. შიდა ქართლის ერისთავების – ტბელების – ფეოდ. სახლთან. ვარაუდობენ, რომ -თა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის ეკლესიის X ს. წარწერაში მოხსენიებული ტბელი აბაზაი. XI ს. I ნახევარში მათ ეპყრათ ქართლის ერისთავობა. „გიორგი მთაწმიდლის ცხოვრების“ მიხედვით, ა. იყვნენ „ძლიერნი და ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა თასისასა მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“. XI ს. შუა წლებში ა. ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ ა. დაკნინდნენ და ისტ. წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 დოკუმენტის ცნობით, -თა ერთი შტოსათვის მეფეს კახეთში აბულეთისძეთა მამული უბოძებია. XV–XVIII სს-ში ა. ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.

                                                                                                   ნ. შოშიაშვილი.								


წყარო:

1. გიორგი მცირე, ცხორებაი გიორგი მთაწმინდელისაი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967;

2. მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;

3. ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 1 – ლაპიდარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980;

4. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.