აბაზა მეჰმედ-ფაშა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაზა (1576 – 24. VIII. 1634, სტამბოლი), ოსმალეთის პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი. იგი თავის შესახებ ამბობდა: „მე სამოთხის შვილივით აზნაური ვარ, რომლის წარმოშობა უკავშირდება ხელმწიფეთა შთამომავლობასო“ (მუსტაფა ნაიმა). საფიქრებელია, რომ იგი ბავშვობაში მოიტაცეს აფხაზეთიდან და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. ამაზე მიუთითებს ნისბა „აბაზა“ (აფხაზი). მან მაჰმადიანობა მიიღო და ბუნებრივი ნიჭის წყალობით მალე დაწინაურდა ოსმ. პოლიტ. სარბიელზე. 1605–07 მონაწილეობდა გლეხთა აჯანყებაში ანატოლიაში. დაატყვევეს, მაგრამ ჰალილის (იანიჩართა მეთაური) შუამავლობით გალერების მეთაურად დანიშნეს, ხოლო 1617 – მარაშის ბეგლარბეგად. 1620 არზრუმის ფაშობა უბოძეს. 1622 ა. მ.-ფ-მ სულთან მუსტაფა I-ის (1617–18, 1622–23) წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება, რ-იც 1628-მდე გაგრძელდა. ა. მ.-ფ-მ კავშირი გააბა კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რ-მაც გადაწყვიტა ჩაება ის ანტიოსმ. კოალიციაში. ნიკიფორე ირბახის (იხ. ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ) გადმოცემით „აბაზა ფაშა ქართველია, იბერიიდან, დიდი მეგობარია თეიმურაზ მეფისა და ქრისტიანებისა და მის ლაშქარში ბევრი ქრისტიანია“. ირანის შაჰმა აბას I-მა შესთავაზა მის მხარეზე გადასვლა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა ა. მ.-ფ-ს ხელშეწყობით ირანელებმა ოსმალთაგან გაათავისუფლეს ახალციხე. სულთნის დავალებით 1628 წ. 18 სექტ. ა. მ.-ფ. დაატყვევეს და სტამბოლში გაგზავნეს. სულთანმა მურად IV-მ (1623–40), რ-იც ანგარიშს უწევდა მის პოპულარობას, ა. მ.-ფ. შეიწყნარა და ბოსნიის ოლქის გამგებლად დანიშნა, შემდეგ კი – ციხესიმაგრე ოჩაკოვის უფროსად. 1633 ა. მ.-ფ-მ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წინააღმდეგ ომში. ბოლოს, სასახლის კარის პოლიტ. ინტრიგების შედეგად, 1634 წ. 24 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს.

                                                                                                          მ. სვანიძე.   
    

წყარო და ლიტერატურა:

1. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964;

2. მუსტაფა ნაიმა, ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თარგმ. ნ. შენგელიასი, თბ., 1979;

3. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, წგ. 2, თბ., 1986.