აბაზგები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაზგები (ბერძნ. Abasgoi), შავი ზღვის პირას, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომი.

პირველად იხსენიებს რომაელი ისტორიკოსი ფლავიუს არიანე (II ს.); -ს ჰქონდათ თავიანთი სამთავრო (იხ. აბაზგია). ამ დროისათვის სახლობდნენ დაახლ. ახლანდ. სოხუმსა და მდ. კოდორს შორის, აფშილების ჩრდ-ით, და ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ რომის იმპერიასთან. მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებ წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. სახელწოდების მიხედვით მკვლევართა ნაწილი მათ მიიჩნევს თანამედროვე აფხაზთა წინაპრებად, ხოლო ნაწილი ქართველურ ტომად. თვით სახელწ. „აბაზგი“ ეთნონიმ „აფხაზის“ ბერძენთაგან შეცვლილი ფორმაა, სხვა შეხედულებით, უკავშირდება ეთნონიმ „ა ბ ა ზ ა ს“. IV ს-თვის -მა გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია სოხუმის ჩრდ-ით, რითაც შეავიწროვეს იქვე მოსახლე სანიგების ტომი, ამასთან, გახდნენ ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს ქვეშევრდომნი. VI ს. შუა წლებში, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის დროს, მოხდა მათი გაქრისტიანება, თუმცა ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, მათში ამ დროსაც ძლიერი იყო წარმართული რწმენა. VII ს. I ნახევრიდან ეთნომიმი ა. აერთიანებდა ამ მხარეში მოსახლე ყველა ტომს (როგორც საკუთრივ -ს, ისე აფშილებს, მეგრელ-ჭანებს, სვანებს) და შინაარსობრივად უდრიდა ქართულ ტომობრივ ტერმინს „აფხაზს“ (იხ. აფხაზები). VIII ს. შემდეგ უცხოური წყაროები -ს უწოდებენ როგორც საკუთრივ აფხაზებს, ისე ზოგჯერ დას. საქართველოს („აფხაზთა სამეფოს“) მთელ მოსახლეობასაც, ხან კი საერთოდ ქართველებს.

                                                                                                    ნ. ლომოური.

ლიტერატურა

იხ. სტ-თან აბაზგია.