აბანოსხევის არქეოლოგიური ძეგლები,

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბანოსხევის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისა და კატეგორიის ძეგლები სოფ. აბანოსხევის (დუშეთის მუნიციპ.) ტერიტორიაზე. გათხარეს 1977–87 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). სოფლის 3 პუნქტში შესწავლილია ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტ. (ძვ. წ. V ათასწლ. II ნახ.) მასალის შემცველი ფენა. გამოვლენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის, კაჟისა და ძვლის იარაღი, შინაური ცხოველის ძვლები, მ. შ. არქაული ხარისა (Bos primigenius). მომდევნო მტკვარ-არაქსის კულტ. ფენაში (ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლო – III ათასწლ. I ნახ.) გამოვლენილია ორმოები (55), კერა-საკურთხევლები (6), ინდივიდ. ორმოსამარხები (8). ორმოებში იყო სუფრის, სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელი, მცირე რაოდენობით ლითონისა და ქვის იარაღი. რამდენიმე სამარხში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი და ძვლის იარაღი.


სოფლის სამხრ. ნაწილში, ე. წ. ნაქალაქარ ხიდარის ტერიტორიაზე, გამოვლინდა ბედენური კულტ. (ძვ. წ. XXIV–XXIII სს.) ყორღანული ორმოსამარხები. ქვაყრილი სიბრტყეზე იყო განფენილი. დასაკრძალავი კამერა გარშემორტყმული იყო 1 მ სიგანის რიყის ქვებისაგან შემდგარი წრით. მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად სამარხში აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების, ძირითადად შავპრიალა კერამიკის ჭურჭელი, ლითონის ყუნწიანი ბრტყელი სატევარი, სარდიონის, პასტისა და ოქროს მძივები, ქვასანაყი, როდინი, ობსიდიანის ანატკეცი და ცხვრის ძვლები.


სოფლის სამხრ.-დას-ით. მდ. არაგვის მარცხ. ნაპირზე, ე. წ. ხიმშიაანთ მიწებზე, გაითხარა მრავალფენიანი (ადრიანდ., შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანისა და III–VII სს.) სამაროვანი. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVIII–XVI სს.) სამარხები 2 ჯგუფად იყოფა – ქვაყრილიანი ორმოსამარხები და კატაკომბური სამარხები – ე. წ. თაროსამარხები, რ-ებსაც ახასიათებს ვერტ. დრომოსები და თაროები. მეორე ჯგუფის სამარხთა უმრავლესობა კენოტაფია. მათში დაუკრძალავთ ცხვრები. სამარხეული ინვენტარი: კერამ. ნაწარმი, სარდიონის, გიშრისა და პასტის მძივები, ბრინჯაოს სატევრისპირი და რამდენიმე საკინძი. I ჯგუფის სამარხები ძირითადად თრიალეთურ კერამიკას შეიცავს, II ჯგუფისა კი – ე. წ. მესხურ თიხის ჭურჭელს. გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამაროვანი (ძვ. წ. XIV–XII სს.) შეიცავს ქვაყრილიან და წრიულქვაყრილიან ორმოსამარხებს, რ-ებშიც მიცვალებულები მოკუნტულები ესვენენ. სამარხეული მასალა: უმთავრესად ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, სარდიონისა და ბრინჯაოს მძივები. ამავე ყორღანში აღმოჩნდა ძვ. წ. VII–VI სს. ჩაშვებული სამარხი. მასალა: რკინის დანის ფრაგმენტი, ბრინჯაოს ორფრთიანი ისრისპირი ყუნწიანი დეზით, ქვის გახვრეტილი სალესი.

აბანოსხევში ორ ადგილას შესწავლილია ადრინდ. შუა საუკუნეების სამაროვანი.

ხიმშიაანთ მიწების სამაროვანზე გათხრილ IV–VI სს. სამარხებში აღმოჩნდა ოქროს, ვერცხლისა და მინის სამკაული.

სოფლის ჩრდ.-დას-ით, მდ. არაგვის მარცხ. მხარეს, გაითხარა 3 ტიპის სამარხი: ორმოსამარხები, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვის სამარხები. მათში აღმოჩნდა V–VII სს. სარდიონის მძივებით შემკული ბრინჯაოს საკინძები და მშვილდსაკინძები. იქვე, წყალსაცავის ზონაში არის ხუროთმოძღვრების ძეგლი აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ერთნავიანი ეკლესია (დღეისთვის დაზიანებულია). მხატვრულ-სტილისტიკური ანალიზით ძეგლი VIII–IX სს-ით თარიღდება. ნაგებობას აღმ-ით ღრმა ნალისებრი მოხაზულობის საკურთხევლის აფსიდი აქვს, რ-საც შიგა სივრცის მოცულობის თითქმის 1/3 უჭირავს და ძირითადი სივრციდან 2 საფეხურითაა შემაღლებული. ასევე ნალისებრი მოხაზულობისაა ჩრდ. და დას. კედლებში გამოყვანილი დეკორ. თაღებიც. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ჯვრის აღსამართი პოსტამენტი. მოგვიანებით (განვითარებულ შუა საუკუნეებში) ეკლესიისათვის სამხრ-იდან მიუშენებიათ გეგმით მართკუთხა სათავსი, რ-ისგანაც დარჩენილია აფსიდი და ჩანგრეული კამარის ნაწილი. აქედანვე ჰქონდა ეკლესიას შესასვლელი. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის რეგულარული წყობით და მტკიცე დუღაბით. წყობაში ჩართულია დიდ-დიდი ლოდები. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები – კარ-სარკმლები და კედლის კუთხეები სუფთად გათლილი შირიმის კვადრებითაა ამოყვანილი. გადახურული იყო კრამიტით.


ჯვარპატიოსნის ეკლესიის აღმ-ით გამოვლენილია XI–XIV სს. ორმოსამარხები, ქვისა და ხის ძელებით ნაგები სამარხები, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. არქეოლ. მასალა: მინის სამაჯურები და მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, 2 ჯვარი და ღილები.

სოფელში, ისტ. ნოკორნისხევის მარჯვ. ნაპირზე, დგას განვითარებული შუა საუკუნეების დასაწყისის დროინდელი გეგმით წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის აბანოსხევის დარბაზული ეკლესია (ძლიერ დაზიანებულია), რ-იც ნაგებია მოზრდილი რიყის ქვებით და მტკიცე დუღაბით. აფსიდი ოდნავ ნალისებრი ფორმისაა. როგორც ჩანს, საკურთხეველი აქაც შემაღლებული იყო. ინტერიერის ჩრდ.-დას. კუთხეში შემორჩენილია იატაკის ნაწილი – დადუღებული სიპი ქვის ფენა. კრამიტებთან ერთად დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ეკლესიის მთელ ფართობზე გაბნეული თიხის გამომწვარი ფილები, რ-ებითაც შეიძლება მოკირწყლული იყო იატაკი. ეკლესიის ჩრდ.-დას. კუთხეში აღმოჩნდა კედელზე მიშენებული საწნახელი (ფართ. 6 × 1,7 მ), რ-ის აღმ-კენ მიმართული ნაწილი მეოთხედწრიულია, დას. ნაწილი დაზიანებულია. აქვს საკმაოდ დიდი თაღარი. საწნახლისა და თაღარის იატაკი მოლესილია. ბოლოში ორი ქვით გაკეთებულია ღარი. როგორც ჩანს, საწნახელი ამოაშენეს მას შემდეგ, რაც ეკლესია დაინგრა, შესაძლოა ხანძრის შედეგად (ეკლესიის კედლები და ქვები დახეთქილია). ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრისტ. სამაროვანია.


სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მაღნარის ქედის დას. კალთაზე, სახელოსნო უბანია. აღმოჩენილია თონე, ჭურჭლისა და დამწვარი ძვლის ნატეხები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლისა და ღარიანი კრამიტის ნატეხები. გამოვლენილია ძელებით ნაგები სათავსის ნანგრევები, მის გარეთ – რკინის წიდით სავსე თიხის ქოთანი. სავარაუდოა, აქ სამჭედლო იყო. არქეოლ. მასალით იგი XI–XIII სს-ით თარიღდება.

გათხრილია აგრეთვე რიყისა და კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით ნაგები განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი საწნახელი, ქვითკირის თაღარი, 3 საქაჩავი. საწნახელი შეუკეთებიათ გვიანდ. შუა საუკუნეებში.

სოფლის ჩრდ.-დას-ით მდებარეობს XVII–XVIII სს. აბანოსხევის ციხე (ფართ. 28,25 X 28,4 ), რ-საც შემოვლებული აქვს გალავანი. მის კუთხეებში, სავარაუდოდ ცილინდრული ფორმის ორსართულიანი კოშკები იყო (შემორჩენილია 2 კოშკი და 2 კოშკის საძირკველი). ყოველ სართულზე არის ბუხარი, თახჩები, სათოფურები.

სოფელზე გადიოდა ძვ. სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რ-იც შიდა ქართლიდან არაგვისა და ივრის ხეობების გავლით ალაზნის ველისკენ მიემართებოდა.


                                                                                  გ. ჩიქოვანი.  გ. გოგოჭური.                                                                                                                       				 
                                                                                  ც. ლომიძე.  ქ. ბუაჩიძე.


ლიტერატურა:

1. ქორიძე დ., ბულაჩაურის წყალსადენის მშენებლობის დროს 1946 წელს შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, 19 А და 21 В;
2. Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Глонти М. Г. и др., Работы Жинвальской комплексной археологической экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1981 году, Тб., 1984;
3. Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Каландадзе З. А. И др., Археологические исследования в Арагвском ущелье, კრ.: Полевые археологические исследования в 1977 году, Тб., 1980;
4. Рамишвили Р. М., Циклаури И. Д., Гогочури Г. К. и др., Жинвальская экспедиция, კრ.: Археологические открытия 1984 года, М., 1986.